16.08.2026 11:17
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.
უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში
ავტორ(ებ)ი :