03.08.2026 18:45
გლდანის ციხეში ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებული სისტემატური წამებისა და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, ბრალდებულებმა 4 მილიონი ლარის ღირებულების ქონება - "კუს ტბის" წილები მიითვისეს - ამის შესახებ საქმის პროკურორის, ლაშა ცქვიტარიამ ისაუბრა.
მისივე განცხადებით, სასამართლოში სრულად დადასტურდა გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომელიც პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის გაუპატიურებისა და მკვლელობის მუქარასაც მოიცავდა.
"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის განმავლობაში გიორგი უდესიანის ორგანიზებითა და დავალებით გლდანის ციხის ყოფილმა დირექტორმა, ალექსანდრე მუხაძემ უზრუნველყო საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ბიზნესმენის, ბესარიონ ხარძიანის სისტემატური წამება და ძალადობა, რის უმთავრეს მიზანსაც ხარძიანების ოჯახის მხრიდან კუს ტბის წილების დათმობა წარმოადგენდა. პარალელურად, უშუალოდ გიორგი უდესიანმა პირადადაც განახორციელა ფიზიკური ძალადობა ბესარიონ ხარძიანის ძმის მიმართ, რა დროსაც დაემუქრა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ძმის გაუპატიურებითა და მკვლელობით. საბოლოოდ, ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახი იძულებული შეიქნა გიორგი უდესიანისთვის დაეთმო კუს ტბის წილები, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 4 მილიონ ლარს შეადგენდა," - აცხადებს ლაშა ცქვიტარია.
ცნობისთვის, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო. მათ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საქმის მასალების მიხედვით, 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს "კუს ტბა კალასა" და "კუს ტბა პალასის" პარტნიორები გახდნენ, 2011 წელს კი ხარძიანი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სწორედ ამის შემდეგ შეიმუშავა გიორგი უდესიანმა ალექსანდრე მუხაძის დახმარებით ძალადობრივი გეგმა, რათა ხარძიანისა და მისი ოჯახის კუთვნილ წილებსა და შესაბამის ქონებაზე სრული კონტროლი უკანონოდ მოეპოვებინა.
ავტორ(ებ)ი :