11.07.2026 20:52
დღევანდელ პროცესზე იოსებ სიგუა წარდგა არა როგორც შსს-ის თანამშრომელი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე, ვინაიდან მან ამ ეტაპისთვის, დროებით, მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რათა გამქრალიყო ნებისმიერი ეჭვი, რაც დაკავშირებული იყო შესაძლო გამოძიების ფარგლებში მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასთან, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან,- ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, პოლკოვნიკ იოსებ სიგუას ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ იოსებ სიგუას მეუღლის მიერ გაჟღერებული ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.
„ვფლობთ არაერთ გარემოებას და მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ „ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც გააჟღერა მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ, არ შეესაბამება რეალობას. ეს არის იოსებ სიგუას პატივისა და ღირსების შემლახავი და არ შეიძლება მსგავსი სახის ინფორმაციების საჯარო სივრცეში გადამოწმების გარეშე გაჟღერება, რასაც ითვალისწინებს კიდევაც კანონმდებლობა. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას.
გაჟღერდა ინფორმაციები, რომ ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედება. წლების განმავლობაში არ არსებობს კონკრეტული მოწმე, არ არსებობს რაიმე სახის სამედიცინო დოკუმენტი, არ არსებობს თუნდაც ფოტოსურათი, რომელიც ასახავს ხელზე არსებულ დაზიანებას.
სოფიო სიგუას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის პატივისა და ღირსების შემლახავი, რასთან დაკავშირებითაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები",- განაცხადა გვაზავამ.
გარდა ამისა, ადვოკატმა განმარტა, დაშვების დონეზე, იოსებ სიგუას მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, დადასტურებული რომც ყოფილიყო, ხანდაზმულობიდან გამომდინარე აღნიშნულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება შემაკავებელი ორდერს, თეონა გვაზავას ინფორმაციით, ორდერის გამოწერა, არ ნიშნავს, რომ ეს ორდერი გამოიცა, რადგან ის „სასამართლომ გააუქმა".
„დაშვების დონეზე, თუ იქნებოდა დადასტურებული ინფორმაცია, რაც ქალბატონმა სოფიომ გააჟღერა, აღნიშნულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელია, თუმცა, არც წარსულში, არც უახლოეს პერიოდში, რაიმე სახის ფიზიკური სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება იოსებ სიგუას მხრიდან არ არის დაფიქსირებული. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მერწმუნეთ, იქნებოდა მინიმუმ ერთი მტკიცებულება მაინც, მინიმუმ ერთი პირი მაინც, რომელიც დაადასტურებდა",- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, სოფიო სიგუა „წინა პერიოდში, ისევე როგორც ახლა, მოძრაობს მხოლოდ და მხოლოდ ქონებრივი ინტერესის გათვალისწინებით".
„მისი [სოფიო სიგუას] მიზანია, მიიღოს, რაც შეიძლება დიდი ოდენობით ფულადი თანხები. მისი მიზანია მიიღოს რაც შეიძლება ბევრი უძრავი ქონება. საწყის ეტაპზე, პირველი შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდგომ, მან მოითხოვა მის სახელზე ქონებათა გადაფორმება, რაც დაკმაყოფილდა როგორც თანამესაკუთრისა, პირისა, რომელიც იმყოფება ქორწინებაში იოსებ სიგუასთან. მას შემდეგ რაც კანონით გათვალისწინებული წესით, იოსებ სიგუამ დაიწყო მისი ქონებრივი უფლებების დაცვა და მოითხოვა თანამესაკუთრედ ცნობა, სოფიო სიგუას მიერ სპეციალურად გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებით და გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, სოფიო სიგუამ სწორედ ამის შემდეგ მიმართა როგორც ტელევიზიებს, ისე საგამოძიებო ორგანოს",- განაცხადა თეონა გვაზავამ.
ავტორ(ებ)ი :