კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მიხეილ ჩხენკელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო 02.09.2020 11:00

 

 

სენაკის მუნიციპალიტეტში რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ გაიხსნა, რომელიც ღია ცის ქვეშ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

 

„დღეს გაიხსნა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. იგი უაღრესად საინტერესოა და  ჩვენს რეგიონებში თეატრალური კულტურის დიდი ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას წარმოადგენს. ფესტივალის პირველი სპექტაკლი შესანიშნავად ითამაშა სოხუმის თეატრმა, რომელმაც უნიკალური მიდგომით, ძალიან საინტერესო ხედვით გააცოცხლა დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ბრწყინვალე რომანი „მთვარის მოტაცება“. მსურს მთელ საზოგადოებას მივულოცო ფესტივალის გახსნა და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, განსაკუთრებით მის სამხატვრო ხელმძღვანელსა და სულისჩამდგმელს, ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


სპექტაკლის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა ფესტივალის დამფუძნებელს, სოხუმის თეატრის რეჟისორსა და დასს ფესტივალის გახსნა მიულოცა, წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.


რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 1-6 სექტემბერს ტარდება სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე ღია ცის ქვეშ.  მასში მონაწილეობას იღებს ქართული რეგიონული თეატრალური დასები: დმანისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან.


რეგიონული თეატრების  საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ (დამფუძნებელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე). ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ