კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მომავლის ომების სიმბოლო - რა სარგებელს მოუტანს უპილოტო საფრენი აპარატები საქართველოს 04.02.2021 15:54

ბოლო წლებში, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, სხვადასხვა სახელმწიფოებს ბევრი სარგებელი მოუტანა. მსოფლიოში არსებული საომარი მდგომარეობებიდან გამომდინარე, წინა პლანზე წამოიწია შეიარაღებასთან დაკავშირებულმა ექსპერიმენტებმა და კვლევებმა. ამ მხრივ კი, წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნები სწრაფად ვითარდებიან, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც.

 

სულ ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „თამ-მენეჯმენტმა“ ჩვენი ქვეყნისთვის, უპილოტო თვითმფრინავის პროექტი, სახელწოდებით „T-31“ შექმნა, რომელიც, სრულად ადაპტირებულია, იმაზე, რომ სხვადასხვა სამხედრო მისიებში მონაწილეობა მიიღოს.

 

როგორც კომპანიის დირექტორი, ვაჟა თორდია აცხადებს, პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყეს და ნათელი იყო, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს სერიოზული მომავალი ექნებოდა.

 

„პროექტზე აისახა პოტენციური დამკვეთის, სამხედრო საჰაერო ძალების მოთხოვნები, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი ფასის, მოწინავე პროგრესული მასალისა და ტექნოლოგიის წყალობით, პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი მზადაა, დაიკავოს ღირსეული ადგილი ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებაში,“- აცხადებს ვაჟა თორდია.

 

როგორც აღმოჩნდა, დრონები მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. სწორედ იმ პერიოდში, ყველას ყურადღების ცენტრში იყო ვიდეოკადრები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორი ეფექტურობით მიჰქონდა იერიში სამიზნეებზე დრონებს.

 

ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, თუ რატომ იფეთქა მთელს მსოფლიოში სამხედრო დრონების მიმართ ინტერესმა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბევრმა სახელმწიფომ მათში მომავლის ომების სიმბოლო დაინახა.

 

რა სარგებელს მოუტანს უპილოტო საფრენი აპარატები საქართველოს? ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში, პროფესორი ვახტანგ მაისაია ესაუბრა:

 

„საქართველოსთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვება, უპირველესი ამოცანაა, რადგან, მაგის გარეშე , 21-ე საუკუნეში გამართულ ომებს ვერ მოვიგებთ. ეს მთიანი ყარაბაღის ომმაც დაადასტურა. ვფიქრობ, ეს დროული გადაწყვეტილებაა. პრინციპში, მარტო ამ დრონებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და სხვა დრონებიც უნდა გამოვუშვათ. ძალიან კარგია, რომ ჩვენ ამაზეც დავიწყეთ ზრუნვა.

 

აქ მთავარი ის კი არ არის, რომ დრონები მექანიკურად გამოუშვა, როგორც იარაღი, აქ საუბარია, იმაზე, რომ ამ იარაღის გამოშვება კონცეპტუალური უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილის დროს, იარაღს რომ უშვებდნენ და გაგებაში არ იყვნენ, რას ეკუთვნოდა და რასთან დაკავშირებით იყო, ამიტომაც წავაგეთ ომი 8 საათის განმავლობაში. ახლა სიტუაცია განსხვავებული გვაქვს, გვყავს ღირსეული სამხედრო ელიტა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩვენი სამხედროების დიდი წვლილია.

 

ეს საკითხი ეკონომიკურადაც მომგებიანია, რადგან ექსპორტზე გატანაც შეგვიძლია, ბუნებრივია, ესეც ჩვენს ინტერესებშია. თუმცა, ვფიქრობ, ჯერ ჩვენი თავდაცვის ძალები უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგ ექსპორტზე გავიტანოთ. დიახ, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიონობის დამკვიდრებისთვის,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ვახტანგ მაისაიამ.

 

საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) შექმნას, ამერიკული გამოცემა „ფორბს“-იც («Forbes») გამოეხმაურა.

 

გამოცემა ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ იწყებს საქართველო საკუთარ უპილოტო საფრენი აპარატების აგებას.

 

„თითქმის ოთხმილიონიანი საქართველო სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება: ქვეყანა ესაზღვრება მასზე უფრო დიდ სახელმწიფოებს - რუსეთს და თურქეთს, აგრეთვე სომხეთს და აზერბაიჯანს, რომელთა შორის არსებული კონფლიქტი გასულ წელს სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა. საომარი მოქმედებები იმით დასრულდა, რომ აზერბაიჯანმა სადაო ტერიტორია დაიკავა, თუმცა არაა გამორიცხული  სიტუაციის გართულებების შემდგომი რაუნდები,“- ნათქვამია სტატიაში.

 

„მთიანი ყარაბაღის  2020 წლის ომმა, როგორც ჩანს, ქართველ სამხედროებზე ძლიერი გავლენა მოახდინა - მათ დაინახეს, თუ რა შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატების ფართოდ გამოყენებას. ამ ადგილობრივი წარმოების პროდუქტს შეუძლია ეროვნული „ნოუ-ჰაუს“ კონსოლიდირება მოახდინოს“, - ამბობს „ფორბს“-თან საუბარში ექსპერტი სამუელ ბენდეტი.

 

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს თანამედროვე თვითმფრინავებისა და ჯავშანმანქანების წარმოების გამოცდილება, ქართული სამხედრო ტექნიკა ექსპორტზეც გადის. აქედან გამომდინარე, ქართული „პროექტი Т-31“ ქვეყნის თვდაცვისათვის ძალიან აქტუალურია და  მისი რეალიზება საქართველოს ბევრ სარგებლობას მოუტანს.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ