08.01.2021 12:18
ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შესასრულებლად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 32-ე ქვეითი ბატალიონის გამგზავრების მორიგი ეტაპი განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილა.
ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება) გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge