პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობს“ - როგორ შეიძლება მოგვარდეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი 29.07.2020 12:56

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია 12 ივლისს დაიწყო, რის შედეგადაც, ორივე მხრიდან სულ მცირე 15 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის - აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები. ორივე მხარე ერთმანეთს შეტაკებების დაწყებაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედის, ვინაიდან მათთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

 

კონფლიქტის დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც იარაღს აწვდის, რაც უფრო ამძაფრებს არსებულ სიტუაციას. თურქეთი კი ცდილობს მთიანი ყარაბაღთან მიმართებით გარეშე მოთამაშე იყოს. ანკარას მტკიცედ უკავია აზერბაიჯანის მხარე და აცხადებს, რომ  სომხეთთან ომის შემთხვევაში მხარს მას დაუჭერს.

 

რამდენად მართვადია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი? როგორ შეიძლება მოგვარდეს არსებული პრობლება? - ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“  ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, - ვახტანგ მაისაია  ესაუბრა:

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონქფლიტზე, რომელიც  ამა წლის 12 ივლისს დაიწყო და პირველი ფაზა  5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, უნდა ითქვას შემდეგი:

 

1) პირველად მთელი 30 წლის განმავლობაში, კონფლიქტი ამ ორ ქვეყანას შორის დაიწყო და განვითარდა, როგორც სახელმწიფოთაშორისი სამხედრო კონფლიქტი, წინა საომარი პერიოდებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმდინარეობდა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ. (1992-94 და 2016 „ხუთდღიანი ომი“). აღნიშნული კარდინალურად განსხვავდება მათ შორის არსებულ დაპირისპირების ფაზებისაგან და მას უფრო მეტი მოწყვლადობის მოტანა შეუძლია, არა მარტო რეგიონული, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისთვის;

 

2) ორ ქვეყანას შორის უთანხმოება კლასიკური სამხედრო კონფლიქტების სტილში ვითარდებოდა. სამხედრო პოლიტოლოგიის კლასიფიკაციით გამოიყოფა შემდეგი სახის სამხედრო კონფლიქტები: დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი, შეზღუდული ინტენსივობის კონფლიქტი, ჰიბრიდული ომი, ლოკალური ომი, რეგიონული ომი, კოალიციური ომი. ამ შემთხვევაში, სამხედრო კონფრონტაცია მოიცავდა სამ ფაზას მხოლოდ და არ გადაიზარდა ლოკალური ომის მასშტაბებში; 

 

3) კონფლიქტი ამ ეტაპზე მართვადია და ორივე მხარე აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა, თუ სიტუაცია გართულდა და გადავიდა ლოკალური ომის დონზე, სიტუაცია უკვე „ქაოსური“იქნება და ამაზე მეტყველებს აზერბაიჯანელი სამხედროების მუქარა, რომ საარტილერიო დატრყმების მეშვეობით მეწამორის ბირთვულ ელექტრონულ სადგურს გაანადგურებენ. ამ დროისთვის მხარეებს შორის დროებითი ზავია,  მაგრამ როდის დაირღვევა ეს ზავი არავინ იცის. როგორც ბოლო მოვლენები აჩვენებენ, აგვისტოს თვეში საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდება სავარაუდოდ, უკვე მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. არ არის გამორიცხული, სიტუაცია  ნახიჩევანის ავტონომიური ოლქის მიმართულებითაც გამწვავდეს.

 

- როგორ შეიძლება მოგვარდეს არსებული პრობლემა? რაშია გამოსავალი?

 

- პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არ იქნება ისეთი ინერტული, როგორიც დღეს არის. ფაქტობრივად, არ მოქმედებეს ეუთოს მინსკის ფორმატი და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხოლოდ თავიანთი აღშფოთება გამოხატეს, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მიმართ. საქართველოს გააჩნია შანსი შეასრულოს ჩინებული მედიატორის ფუნქცია, რაც ჩვენსავე ეროვნულ ინტერესებშია და ასეთი ინიციატივით გამოვიდნენ ცნობილი მეცნიერები (განცხადება იხილეთ ქვემოთ), რომელსა ეწოდება: „აკადემიური საზოგადოება ომის წინააღმდეგ“. 

 

განცხადებში აღნიშნულია, რომ უნდა გაკეთდეს მიმართვა, რომელიც საქართველოს მხრიდან კარგი ჟესტი იქნება და თავიდან ავიცილებთ მოახლოებულ სახელმწიფოთაშორისო ომს.

 

- რა როლი ეკისრება ამ კონფლიქტში რუსეთს და რამდენად სწორად იქცევა, როდესაც ორივე მხარეს იარაღით ამარაგებს?


- რუსეთს ამ კონფლიქტში  დიდი როლი ეკისრება, რადგან ის  ერთის მხრივ, მშვიდობის მედიატორია (ეუთოს მინსკის ჯგუფი დაარსდა რუსეთის ინიციატივით),  მეორეს მხრივ, კი გამოდის „შეიარაღების რბოლის“ ორივე მხარისთვის. რუსეთმა სომხეთს 200 მილიონი დოლარის კრედიტი  გამოუყო, რომლის მეშვეობითაც სომხეთმასერიოზული შეიარაღება  შეისყიდა, მათ შორის დამრტყმელი (ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-ე“), ხოლო აზერბაიჯანმა დაახლოებით 2 მლრდ. დოლარი გადახაიდა, რუსეთიდან და ბელარუსიდან ასეთივე სახის შეიარაღების შესყიდვისთვის (მაგალითად, ბელარუსულ-ჩინური მსხვილკალიბრიანი ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა „პოლონეზი“). ასე რომ რუსეთი საკადო ორმაგ თამაშს თამაშობს და ხელს უწყობს „რეგიონული უსაფრთხოების დილემის“ განვითარებას, რომელიც მალე შეიძლება  „რეგიონულ უსაფრთხოების ჩიხად“ გადაიქცეს (აღნიშნული ტერმინი შემუშავებული ჩემს მიერ და უკვე ადაპტირებულია საერთაშორისო უსაფრთხოების ლექსიკონში). ამავე დროს, 2017 წლიდან ფუნციიონირებს რუსულ-სომხური გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება - რუსული 102-გიუმრის ბაზისა და სოხმეთის შეიარაღებული ძალების მეხუთე საარმიო კორპუსის ბაზაზე.

 

- როგორ შეაფასებთ თურქეთის პოზიციას, რომელიც სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანს და სომხეთთან ომის შემთხვევაში მხარს მას დაუჭერს?


თურქეთის პოზიცია სავსებით გასაგებია და გათვლადი. ეს ქვეყანა აზერბაიჯანის სტრატგიული მოკავშირა და ეთნიკურად მოძმე ეთნოსი. მათ შორის ფორმულა მოქმედებს: „ორი სახელმწიფო, ერთი ერი“ და აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ უჭერს მხარს ანკარა - ბაქოს. ამასთან, თურქეთს გაფორმებული აქვს აზერბაიჯანთან ურთიერთდახმარებისა და სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს დაიდო და რომლის მეორე თავში პირდაპირ არის აღნიშნული ორივე მხარის ვალდებულება, აღმოუჩინონ ერთმანეთს სამხედრო დახმარება მესამე ქვეყნის მათზე თავდასხმის შემთხვევაში. ფაქტობრივად, ეს დოკუმენტი არის თავდაცვითი ორმხრივი პაქტი და სწორედ ამის საფუძველზე, ნახიჩევანსა და კიდევ 4 აზერბაიჯანულ რაიონში დაიწყო და 10 აგვისტომდე გასტანს ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომლებიც მოიცავენ სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნებსაც. აღნიშნული წვრთები არის „სამხედრო მუსკულების“ დემონსტრირება სოხმეთის წინააღმდეგ და ამის პარალელურად უკვე დაიწყო რუსულ-სომხური სამხედრო წვრთნებიც.

 

შეგახსენებთ,  რომ სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

განცხადება


აკადემიური საზოგადოება კავკასიის რეგიონის მშვიდობისათვის


ჩვენ, 2020 წლის 21 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციის  „სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - თანამედროვე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოწვევები“ მონაწილე მეცნიერი ექსპერტი კავკასიოლოგები, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების -სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, სამეცნიერო  კავკასიოლოგიურ ცენტრებსა და სამოქალაქო საზოგადოებას -   სამეცნიერო კონფერენციის მთავარი თემის - დღეს მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის სამეცნიერო ანალიზის, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში კავკასიის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზის, კავკასიაში არსებული გეოსტრატეგიული ფონისა და სამხედრო კონფლიქტების ტრანსფორმაციის  ახალი მიდგომების, კონფლიქტის ფონზე მოსალოდნელი ბირთვული საფრთხეების, კონფლიქტების დარეგულირების სტრატეგიული მიდგომების (თავუზის რეგიონის მაგალითზე, აზერბაიჯანი) განხილვის შედეგად და სამეცნიერო კონფერენციის დასასრულს   გამართული  დისკუსიის კვალდაკვალ  მოგმართავთ შემდეგი ცნობით:


1. აკადემიური სამეცნიერო საზოგადოება იღვწის კავკასიის რეგიონის მშვიდობისათვის. ეს არის სამეცნიერო საზოგადოების პირუთვნელი მისია. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ კონფლიქტში ვერ გამოირიცხება გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კომპონენტები; ვაანალიზებთ საფრთხეებს რეგიონისა და საერთაშორისო მასშტაბით, ვაანალიზებთ საკითხის მოგვარებაში არაკავკასიური აქტორების მნიშვნელობას და ვასკვნით:


2. შეიქმნას კავკასიის უსაფრთხო თანასაზოგადოების კონცეფცია და ამის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს  მთავრობასთან არსებული კავკასიის რეგიონის ა ნ ა ლ ი ტ ი კ უ რ ი   კ ვ ლ ე ვ ე ბ ი ს   ც ე ნ ტ რ ი;


3. საქართველო უნდა იყოს კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პლათფორმის ინიციატორი და უნდა შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში მ შ ვ ი დ ო ბ ი ს  მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ი ს  საქმეში; მშვიდობის ინიციატივით უნდა განმსჭვალოს როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნები, ასევე რეგიონში მსხვილი გეოპოლიტიკური აქტორები;


4. საქართველოს ინიციატივით და საქართველოში ჩ ა ტ ა რ დ ე ს  რ ე გ ი ო ნ ა ლ უ რ ი  ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო   ს ა მ შ ვ ი დ ო ბ ო  კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა   რეგიონის სამივე აქტორის ლიდერების მონაწილეობით (გამოვიყენოთ 1919 წლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფერენციის  მაგალითი). საქართველო ვაქციოთ სამშვიდობო პლათფორმის ეპიცენტრად;


5. გაიზარდოს საქართველოს ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს   ჩ ა რ თ უ ლ ო ბ ა  კავკასიის რეგიონულ პოლიტიკაში, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიმართულება, რომელიც თავსებადია ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ფორმატისა. 


ც ი რ ა   ბ ა რ ა მ ი ძ ე  - თსუ პროფესორი, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი


ვ ა ხ ტ ა ნ გ  მ ა ი ს ა ი ა  - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე   რ უ ს ე ც კ ი  - კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი


მ ა მ უ კ ა  ა რ ე შ ი ძ ე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერი კავკასიოლოგი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე   გ უ ჩ უ ა   - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი, ბირთვული უსაფრთხოების სპეციალისტი

 

თბილისი

22.07.2020

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ