09.02.2020 15:50
გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:
ამერიკელი კონგრესმენების ცნობილ წერილებზე, რომლებიც მათ პრემიერ გიორგი გახარიას სახელზე გასულ თვეში ლამის ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა, ბევრი დაიწერა და ამ თემაზე თავს აღარ შეგაწყენთ, მით უმეტეს ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაციის აშშ ვიზიტისას, მათ შორის ამ წერილების ავტორებთან შეხვედრის შემდეგ, ბევრი რამ გაირკვა და კარგია, რომ იმ კითხვებზეც გაიცა პასუხები, რაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს აინტერესებდათ. მე აქ სულ სხვა საკითხზე მსურს აქცენტების გადატანა, რადგან კითხვები აქაც იყო, რატომ დროულად არ ჩავიდა ქართული ოცნების დელეგაცია ვაშინგტონში? მიმაჩნია, რომ გარდა ტექნიკური საკითხებისა, ამ დონის ვიზიტების მომზადებას უბრალოდ შესაბამისი დრო სჭირდება, იყო წმინდა კომუნიკაციის დეფიციტის პრობლემა.
როდესაც ოცნებიდან წასულმა დეპუტაციამ განაცხადა, რომ ისინი ტოვებდენ საპარლამენტო თანამდებობებს და საპარლამენტო უმრავლესობას, 14 ნოემბერს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის გამო, რადგან სხვა გადაწყვეტილების მიღების გზა აღარ ჰქონდა, ერთი მთავარი კითხვა დატოვა პასუხგაუცემელი. გასაგებია, რომ მათი პოზიცია კენჭისყრამდე იყო ცნობილი ოცნების წევრებისათვის, მაგრამ ეს არ ამართლებს მათი ნაწილის პოზიციას. განსაკუთრებით იმ ქალბატონი დეპუტატების, რომლებსაც საერთაშორისო პოლიტიკური კომუნიკაციის ფუნქცია ჰქონდათ. ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი კი სულაც ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი იყო! როდესაც აცხადებ, რომ არ გქონია სურვილი გუნდის დატოვების, მაგრამ კენჭისყრამ უბრალოდ, სხვა გზა არ დატოვა, ადამიანურად გასაგები კიდევ შეიძლება იყოს, მაგრამ სხვა საკითხია, ეს პოზიცია და მათი პასუხისმგებლობა, პოლიტიკურად რამდენად არის სწორი იმ პირებისაგან, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებს კურირებდენ, და შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები იყვნენ.
როდესაც პასუხისმგებლობის საკითხს ვეხები, მათი ეს საქციელი გამართლებული იქნებოდა, საკუთარი პოზიცია ამერიკის და ევროპის პილიტიკური წრეებისათვის რომ გაეცნოთ, და ელემენტარულად აეხსნათ, რომ თუნდაც ბრიტანეთში, მიუხედავად ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგებისა, როდესაც მოსახლეობამ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას დაუჭირა მხარი, წელიწადზე მეტი დაჭირდა ამ პროცედურის პოლიტიკურ დადასტურებას ბრიტანეთის პარლამენში და ამ საკითხს პრემიერ მინისტრიც კი გადაყვა. ანუ რეფერენდუმის შედეგის რეალიზაციაც კი არ აღმოჩნდა ადვილად გადასაწყვეტი ევროპარლამენტარიზმის ისტორიულ ქვეყანაშიც კი. და რა არის გასაკვირი იმაში თუ საქართველოს პარლამენტში თუნდაც დაპირებულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩავარდა. და თუ გადადგომაა, მერე გადამდგარიყვნენ. ამიტომაც არის პოლიტიკური პირების მხრიდან ამ სახის გადაწყვეტილებები სახიფათო და დამაზიანებელი არა მხოლოდ პარტიულ დონეზე, არამედ სახელმწიფოს დონეზეც კი. ოცნებას კი მართებს საკადრო სტრატეგიის კარგად გააზრება, რომ მსგავსი ჩავარდნები, ისევ ქვეყანას არ მოუტრიალდეს თავისტკივილად!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge