16.11.2026 23:58
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ფინეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა 2008 წელს, როდესაც ის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცენზურო სიტყვით მოიხსენია.
„სტუბთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ის მოსკოვში მაშინ ჩამოვიდა, როდესაც საქართველოში ხუთდღიანი ომი მიმდინარეობდა. ის საქართველოში გაემგზავრა ფინეთის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სამშვიდობო მისიის ფარგლებში, რათა ვითარება ენახა და გაეგო, რისი გაკეთება შეიძლებოდა სიტუაციის დასამშვიდებლად. უკან დაბრუნებისას, ის მოსკოვშიც ჩამოვიდა. მოლაპარაკებებამდე მე და ის პირისპირ დავსხედით და ყავა დავლიეთ. მან საკმაოდ უცენზურო სიტყვებით დაახასიათა მიხეილ სააკაშვილი, რომელთანაც მანამდე საუბარი მოასწრო. მან თქვა: „სააკაშვილს ვესაუბრე, ის (უცენზურო ეპითეტი) - შეშლილია". ის ჩვენს მოქმედებებს საკმაოდ გონივრულად აღიქვამდა", - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყველა კარგად აცნობიერებდა, როგორ დაიწყო მოვლენები და ვინ გასცა ბრძანება.
„ყველას შესანიშნავად ესმოდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და ვინ გასცა ბრძანება", - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, მოგვიანებით ალექსანდერ სტუბი ევროკავშირის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
„ალექსანდერ სტუბი მოგვიანებით ევროკავშირის მიერ ამ მოვლენების გამოძიების დაწყების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. გამოძიებას შვეიცარიის მოქალაქე ხელმძღვანელობდა და მან აღიარა, რომ ეს სააკაშვილმა დაიწყო", - აღნიშნა ლავროვმა.