10.11.2026 23:53
არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის არის მტკიცე ხაზი, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ვასილ როინიშვილის შეკითხვას, „მისთვის „ქართული ოცნება" უდრის თუ არა სახელმწიფოს?"
გორდულაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია პარლამენტის მიერ, მაგრამ ამ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე პასუხისმგებლობას იღებენ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც მოამზადეს სამუშაო ვერსია, შემდეგ გამოიტანეს საყოველთაო განხილვაზე, გაითვალისწინეს შენიშვნები და, საბოლოო ჯამში, ამ პარტიის წარდგენისა და მხარდაჭერით მიიღო პარლამენტმა.
გორდულაძის შეფასებით, პარტია, რომელიც არ ემიჯნება საკუთარ დანაშაულებს, ტოვებს განცდას, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს.
„ჰიპოთეტური დაშვება რომ გავაკეთოთ, X პარტია თუ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ადამიანის წამება დასაშვებია და ეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება, ამ შემთხვევაში, ვინც კი მხარს დაუჭერს ამ ჩანაწერს, ყველა დაარღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. 1999 წლიდან დღევანდელ დღემდე დაახლოებით 300 სარჩელია წასული სტრასბურგის სასამართლოში, მათი 80%, დაახლოებით 227 საქმე, 2004-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებს მიემართება. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც დაფიქსირებულია სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევები. საუბარია, რომ საკუთრების დაცვის უფლების რეალიზების უფლება არ არსებობდაო ამ ქვეყანაში, საუბარია ასევე, რომ სისტემური და სისტემატური იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების წამება, ამავდროულად, ერთ-ერთ საქმეში პირდაპირ მითითებულია, რომ ხელისუფლების შტოები, მათ შორის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა, რათა სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო და პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. ერთ შემთხვევაში არავითარი რეაგირება არ არის სახელმწიფოს მხრიდან, მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, ყოფილი პრეზიდენტის მიერ აქვთ ღირსების ორდენები მიღებული. ადამიანები მსჯავრდებული არიან უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის, მაგალითად, წამება, ადამიანების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და პარტია, რომელიც არ ემიჯნება ამ ქმედებებს და ქმნის სისტემას, რომელიც არის მწამებლური, რა თქმა უნდა, პარტიას სრულად მიემართება ეს ჩადენილი ქმედებები. ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და დღესაც როცა საუბრობენ, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, არ ემიჯნებიან უფლებების დარღვევებს, ფაქტების წინააღმდეგ მიდიან და საუბრობენ, თურმე პარალელური სამყარო არსებობს, ამ სისტემის შემქმნელი, ვინც არის პასუხისმგებელი, კონკრეტული პარტია, დღესაც როცა არ ემიჯნება, ქმნის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.