10.11.2026 14:41
ნაცვლად ახალ-ახალი სიტყვების აღმოჩენისა და საზოგადოებისთვის გაცნობისა, ვისურვებდი კონკრეტულ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც სისხლის სამართლებრივი საქმიდან დგას მის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ იმის მცდელობაა, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მთავარი კითხვები გადაიფაროს".
„მე ვერაფერს ვერ გეტყვით, რა კავშირი აქვს საერთოდ ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან მმართველობას თუ სხვა ტერმინოლოგიას, რასაც თავად იყენებს, მის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან, მე ვერ ვხვდები. ამიტომ, ნაცვლად ახალ-ახალი სიტყვების აღმოჩენისა და საზოგადოებისთვის გაცნობისა, მე ვისურვებდი კონკრეტულ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც ამ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმიდან დგას მის მიმართ.
კი ბატონო, მისი ნებაა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას რა ფორმითაც უნდა, რა ლექსიკითაც უნდა, მისი არჩევანია, რომ ესაუბროს, თუმცა ჩვენ ყველა ვისურვებდით კონკრეტულ პასუხებს მის სისხლის სამართლებრივ საქმეზე. რასაც ედავება სახელმწიფო კორუფციული თემები იქნება თუ სხვა, ამას სჭირდება პასუხები.
ყველაფერი დანარჩენი, არის მცდელობა, რომ გადაიფაროს მთავარი კითხვები მის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით," - განაცხადა მახაშვილმა.