შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ევროკავშირი ტრამპის მიერ შეთავაზებული მასშტაბური სამშვიდობო შეთანხმების გეგმას უარყოფს - Euronews 07.11.2026 17:38

 

ევროპელმა ლიდერებმა უარყვეს აშშ-ისა და რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურა მათი მონაწილეობის გარეშე შეცვალონ, - ამის შესახებ Euronews-ი წერს. 

მედიის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერების განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც ვაშინგტონი შესაძლოა მოსკოვთან ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იყოს.

ტრამპის განმარტებით, შეთანხმების მოქმედების სფერო შესაძლოა უკრაინას გასცდეს და მთელი ევროპა მოიცვას.

მედიის ცნობით, ტრამპის მიერ ხუთშაბათს გაკეთებულმა განცხადებებმა ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია. ისინი შიშობენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია შესაძლოა ისეთი უსაფრთხოების შეთანხმებისკენ მიდიოდეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გრძელვადიან მოთხოვნებს გაითვალისწინებს, ევროპული ინტერესების ხარჯზე.

ტრამპის ინიციატივას ევროპელი ოფიციალური პირების მხრიდან წინააღმდეგობა მყისიერად მოჰყვა. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კონტინენტის უსაფრთხოების სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია და მისი ხელახლა განხილვა ევროპის გვერდის ავლით დაუშვებელია.

„ჩვენ უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.
პრობლემა კვლავ ის არის, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს იმ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ეს სისტემა ეფუძნება. 2021 წელს NATO რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და არც ამჟამად წარმოადგენს. პუტინს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ აქვს,- განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა.

კალასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი შეთანხმების განხორციელებისთვის მასში ევროკავშირის მონაწილეობა აუცილებელი იქნება.

მის პოზიციას შეუერთდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკიც. მისი განცხადებით, უკრაინასა და ევროპის მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ევროპის მონაწილეობის გარეშე იქნება მიღწეული, როგორც პოლიტიკურად მიუღებელი, ისე პრაქტიკულად განუხორციელებელი იქნება.

„შეთანხმება უკრაინისა და ევროპის მომავალზე, რომელიც ჩვენს ზურგს უკან იქნება მიღწეული, არაგონივრული იქნება და რეალურად შეუძლებელია", - განაცხადა სიკორსკიმ.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ