05.11.2026 10:46
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვებამ შესაძლოა, ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, ორივე პარტიისგან. მადლიერი ვარ რესპუბლიკელებისაც, თუმცა დემოკრატები ძალიან მკაფიოდ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინას და მის დახმარებას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დემოკრატები ასევე საუბრობენ აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობების აღდგენაზე, რომელიც ბოლო წლებში გარკვეულწილად შესუსტდა.
„ამ კავშირებისა და ურთიერთობების გარეშე პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთულია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან დახმარების გაზრდამ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე გავლენა მოახდინოს და ომის შეწყვეტისკენ უბიძგოს.
„თუ კონგრესი ახლა ძლიერი ფინანსური მხარდაჭერის ან სამხედრო დახმარების შესახებ დაიწყებს საუბარს, ისევე როგორც ამას დღეს ევროპა აკეთებს და აჩვენებს, ეს დადებითი ფაქტორი იქნება, რომელიც პუტინზე გავლენას მოახდენს. პუტინი დაფიქრდება, აქვს თუ არა აზრი ბრძოლისა და ომის გაგრძელებას, როდესაც მხარდაჭერა იზრდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებამ შესაძლოა, მოლაპარაკებების დაწყებასა და მშვიდობის მიღწევას შეუწყოს ხელი.