04.11.2026 14:20
აქცენტი როდესაც კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელში, ევროკავშირში არის ინტერესი, გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„აქცენტი როდესაც კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელში, ევროკავშირში არის ინტერესი, გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს. ეს იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო, რათა მონაწილეობა მიგვეღო „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას.
ფორმატი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ყურადღება ყველა საკითხზე იყოს გამახვილებული. თუმცა დასმულ კითხვებზე ქართული მხრიდან გაჟღერდა პასუხები. რაც მთავარია, გაჟღერდა ქართული მხარის პოზიცია დიალოგთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც ევროკავშირს პრობლემური ეჩვენება ან არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია, რომ მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ საკანონმდებლო დონეზე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას.
„შეხედეთ, რა ხდება, მათ შორის ევროპის ბევრ ქალაქში და რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ინსტიტუტების სიძლიერესთან დაკავშირებით. მოდით, ვკითხოთ ნებისმიერ წევრ ქვეყანას, სჭირდება თუ არა ევროპას, ევროკავშირს ან ნებისმიერ ქვეყანას სტაბილურობისთვის ძლიერი ინსტიტუტები, მათ შორის ძლიერი სამართალდამცავი ინსტიტუტები. ასე რომ, საფუძვლებზე როდესაც ვსაუბრობთ, დღესაც შევხედოთ, რა მოვლენები მიმდინარეობს და რამდენად სჭირდება საქართველოსაც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, ძლიერი ინსტიტუტები. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე მაშინ, როდესაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და, საბოლოო ჯამში, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.