სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
კახა კალაძე როინ შავაძის შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე - პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ მკვლელობასთან დაკავშირებით 27.10.2026 14:11

ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ ძალიან ბევრი გვსმენია, ბევრიც გვინახავს, ბევრი რამ ვერ ვნახეთ და ეს შეიძლება ძალიან მძიმე ყოფილიყო საზოგადოებისთვის, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი, რას წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას სოციალურ ქსელში გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის სერჟანტ როინ შავაძეზე საუბრობს.

მერის შეფასებით ეს არის პირდაპირი აღიარება მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაბამისი უწყებები კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ.

„არ ვიცი, როგორ უნდა მოექცე საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა" ამას აკეთებდა, ყველანაირი ბინძური მეთოდებით. ეს იყო ძალიან მძიმე, არასამართლიანი დამოკიდებულება, ძარცვა, ბიზნესის რეკეტი, მკვლელობები, შემდეგ ქრებოდნენ ეს ადამიანები. ძალიან მძიმე რეალობაში გვიწევდა ცხოვრება და შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წელს გააკეთა არჩევანი, მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რას წარმოადგენდა ეს სისხლიანი რეჟიმი.

მკვლელები არიან, მკვლელები იყვნენ და არიან. ძალიან ბევრი ფაქტი გვსმენია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცეოდნენ დაკავებულ ადამიანებს. აი, პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ მკვლელობასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ის იყო მოღალატე, საქართველოს სტრუქტურის თანამშრომელი".

"ხშირად მესმის ბათუმში, პროცესი რომ მიმდინარეობს, რომ როინ შავაძის მკვლელობა არ გამოიძიესო. იცით ვინ იყო როინ შავაძე? ის იყო მოღალატე, საქართველოს სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების განლაგებას, კოორდინატებს და დასაბომბ ადგილებს. ის რომ ნასამართლევი ყოფილიყო, 2012 წელს აუცილებლად გაუშვებდნენ, როგორც პოლიტპატიმარს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ