ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ზაზა ბიბილაშვილი – მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა არაერთი ბერკეტი, გამოეწვია ხელოვნური ან ბუნებრივი პოლიტიკური კრიზისი, რაც არ გაუკეთებია 26.10.2026 18:01

 

აბსურდულია მტკიცება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ან ადრე ჰქონდა კონსტიტუციური წეს-წყობილების დამხობის განზრახვა, ან შემდეგ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადაუდგამს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები და დემოკრატია - ამ მხრივ ბევრი და მათ შორის ბევრი ლეგიტიმური, პოლიტიკური, ზოგიერთი სამართლებრივი პრეტენზიაც არსებობს წინა ხელისუფლებასთან.

„თქვენ ყურადღებას შევაჩერებ ორ მნიშვნელოვან ფაქტზე. კერძოდ, 2007  წლის პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა, მან დანიშნა ახალი არჩევნები ლეგიტიმაციის და მანდატის გასაახლებლად. 2019 წლის მერე საქართველოში არაერთი პოლიტიკური კრიზისი ყოფილა, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს გაუვლია აზრად ამ ხელისუფლებას. პირიქით, ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები ამაში ითხოვდნენ, პასუხად ვიღებდით მხოლოდ სისასტიკეს და გაცხადებულად ნულოვანი თანაგრძნობისა და ემპათიის პოლიტიკას. მეორე, წინა ხელისუფლებამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების დემოკრატიულად, მშვიდობიანად და ორგანიზებულად გადაბარების პირველი და ერთადერთი პრეცედენტი . მესმის, რომ ბევრს მოსწონს ან ბევრს არ მოსწონს, მაგრამ არის ფაქტები, რომელიც არის უდავო. ხელისუფლებაში ორი ვადით ყოფნის შემდეგ, მოპასუხე პარტიამ შექმნა საქართველოს ისტორიაში პირველი და უკანასკნელი პრეცედენტი, როდესაც დემოკრატიული არჩევნების შედეგად წავიდა ხელისუფლებიდან, გადააბარა ხელისუფლება მშვიდობიანად, მიიღეს მოპასუხე მხარის წარმომადგენლები, შეხვდნენ მათ, კონკრეტულ შენონებში შეიყვანეს, კონკრეტულ მაგიდებთან დასვეს, კონკრეტული ინსტიტუტებისა და სისტემების მუშაობა აუხსნეს და სამწუხაროდ, უკვე ერთ თვეში, ეს უკვე პოლიტიკური დევნის ფორმით დაუბრუნდა მოპასუხე პარტიას. როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოს შინაგან განწყობაზე, ერთიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა შეუდარებლად უფრო ძნელია, ვიდრე ძალადობრივი გზით შენარჩუნება, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ყველა ბერკეტი შენს ხელშია - იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურები, ფინანსური რესურსები თუ სხვა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, ლოგიკას არის მოკლებული მტკიცება, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა იმ პარტიის მიზანია, რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მშვიდობიანი გადაბარების პრეცედენტი.

„აღნიშნულის შემდეგაც, კიდევ ერთი წლის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე და მას ჰქონდა კონსტიტუციით მინიჭებული არაერთი ბერკეტი, რომ გამოეწვია ხელოვნური ან სრულიად ბუნებრივი პოლიტიკური კრიზისი და დაენიშნა ვადამდელი არჩევნები, რაც მას არ გაუკეთებია. მან არ გამოიყენა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ის ბერკეტები, რომელიც აღქმული იქნებოდა საზოგადოების მიერ ბოლო არჩევნების ეჭვქვეშ დაყენებად. შესაბამისად, აბსურდულია მტკიცება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ან ადრე ჰქონდა კონსტიტუციური წეს-წყობილების დამხობის განზრახვა, ან შემდეგ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადაუდგამს", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ