26.10.2026 16:51
საქართველოში რაც ხდება, მე ყველაფერი ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მის ბავშვობაში ქუჩას კრიმინალები მართავდნენ.
„მე ყველაფერი ვიცი, რაც ხდება საქართველოში. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეში 50 წერილს ვპასუხობ საკნიდან, რომელსაც ვიღებ სოციალური ქსელებით, თვეში ხანდახან ვპასუხობ ათასობით წერილს. მინდა, ვუპასუხო საჯაროდ ლილოს დასახლებაში მცხოვრებ 15 წლის ბავშვს, რომელმაც „ინსტაგრამზე" მომწერა. მწერს, რომ გადაეკიდნენ „ქუჩის კაი ბიჭები". მინდა, ვუთხრა, რომ ჩემი ბავშვობაც ზუსტად ასეთი იყო, კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ. მოდიოდნენ შავი ქუჩის ბიჭები და იწყებდნენ ლაპარაკს, რა უბნელი ხარო, მერე ცემა-ტყეპას და ა.შ.
მე ვსწავლობდი 51-ე სკოლაში. პარალელურ კლასში სწავლობდა ქუჩის კრიმინალი დათო ასათიანი, რომელმაც მერე კალაძის ძმა გაიტაცა და მოკლა. გამოსასყიდი გამოართვა და მაინც მოკლა. შესვენებისას ეს დათო ასათიანი დამეკონტაქტა და კლასში გოგოსთან რომ ზიხარ, გადაჯექი, ეგ გოგო მე მომწონსო. მეც მომწონდა ის გოგო და არსად არ გადავჯექი. ამის შემდეგ დაიწყო გარჩევები, ქუჩაში და სახლთან დახვედრები. გიული პირველად გაიგებს ალბათ დღეს, რომ „სპიციც" გამიყარა მუხლში. მაშინ ცეცხლსასროლი იარაღი იმდენად არ იყო. ვიდრე ბოლოს ხელი არ ჩაიქნია და თავი არ დამანება, მაშინ დავიწყე ორ სპორტსმენ კლასელთან ერთად სიარული. მე თვითონ კალათბურთზე დავდიოდი, წყალბურთზეც და შემეძლო რაღაც დონეზე ფიზიკურად დაცვა. თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურიმ ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა ეზოში და სკოლაში. კიდევ კარგი, არასდროს გამომიყენებია. ასეთი სიტუაცია იყო. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა კანონიერი ქურდი გელა კენკიშვილი. მან დღისით, მზისით, როდესაც ყველა მეზობელი აივანზე იყო გამოფენილი, კარტის თამაშის დროს მეორე მეზობელი ძალიან მძიმედ დაჭრა, ძლივს გადაარჩინა სასწრაფომ. მეორე დღეს არც ერთმა კაცმა არ უთხრა მილიციას, რომ ეს ასე მოხდა. ქურდები შეკრული იყვნენ მილიციასთან და თუ ეტყოდნენ, მერე იმათ დახოცავდა, იმათ ბინას გაქურდავდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.