ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
შალვა კერესელიძე – ჩვენს პარტიას საქმიანობას თუ აუკრძალავენ, ბუნებრივია, მანდატებს არანაირი ძალა არ ექნება და დავტოვებთ პარლამენტს 26.10.2026 14:35

"ჩვენს პარტიას თუ აკრძალავენ და მას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, მაშინ ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში ამ პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ ექნება", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

კერესელიძის თქმით, 12 მანდატიდან, რომელიც პარტიას აქვს და წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული.

„ყველანაირი არგუმენტით გაუგებარია, ამ სარჩელში რატომ მოხდა დამატება. სასამართლოს სხდომაზე კითხვებს ვსვამთ და მოსამართლეს ვეკითხებით, რაში მიგვიძღვის ბრალი - ვერც გვეუბნებიან, მათ შორის ვერც „ოცნების" წარმომადგენლები, ამბობენ, მერე გეტყვითო. ამიტომ ვთხოვდით, რომ სარჩელის განხილვა ინდივიდუალურად მომხდარიყო. უნდა ყოფილიყო ნათელი, ცხადი და გასაგები, რაში გვედავება ხელისუფლება", - აღნიშნა კერესელიძემ.

„ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც უშუალოდ პარტიამ მიიღო და მას ეკუთვნის. ჩვენს პარტიას თუ აკრძალავენ და მას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, მაშინ ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში ამ პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ ექნება. არ ექნება, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, ბუნებრივია, ჩვენც პარლამენტში არანაირი საქმე აღარ გვექნება, ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება. ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს. ჩვენ არანაირი გადაცდომა, არანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დარღვევები არ გვქონია. შესაბამისად, ეს არის ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მხოლოდ პირადი შურისძიება", - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების" კონსტიტუციურ სარჩელის განხილვა გრძელდება, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო - ლელოს", „ფედერალისტების", „გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ