26.10.2026 09:39
ბულგარეთში დღეს სოფიის ეკონომიკური ფორუმი იწყება, რომელზეც, მსოფლიოსა და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამომავლო სტრატეგიებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.
ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილიც ჩაერთვება.
საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის სახელწოდებაა - „ევროპული ერთიანობა გზაჯვარედინზე: ნაციონალიზმი თუ საერთო სტრატეგია?" სოფიის რიგით მეშვიდე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის გარდა, მაკა ბოჭორიშვილს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები.
ბულგარეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ ხამაშურიძის განცხადებით, ეს არის მაღალი დონის ეკონომიკური პლატფორმა დიალოგისთვის, რომელშიც მონაწილეობენ მაღალი დონის პოლიტიკოსები მასპინძელი ქვეყნიდან და ევროპის ქვეყნებიდან.
„დღეს დაიწყება საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში. შედგება შეხვედრები ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან, ასევე შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმში, რომელზეც ის მოწვეული არის სპიკერის რანგში. ეს არის მაღალი დონის ეკონომიკური პლატფორმა დიალოგისთვის, რომელშიც მონაწილეობენ მაღალი დონის პოლიტიკოსები მასპინძელი ქვეყნიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ბიზნესის და სხვა დარგობრივი სფეროების, ინდუსტრიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გეოპოლიტიკური განვითარებების ფონზე, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. მინისტრს მიეცემა საშუალება, რომ პანელურ დისკუსიაზე ხაზი გაუსვას საქართველოს საკვანძო როლს დაკავშირებადობის, ასევე შუა დერეფნის განვითარების კუთხით. მას ასევე მიეცემა საშუალება, ისაუბროს და ხაზი გაუსვას იმ წვლილსა და იმ შენატანს, რომელსაც საქართველო ასრულებს ამ მიმართულებით, ზოგადად, დაკავშირებადობის განვითარების კუთხით.
ორმხრივ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი შეხვედრების, მიმდინარე თანამშრომლობის განვითარებებს, სამომავლოდ მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, თემები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ციფრული დაკავშირებადობა, ტურიზმი, ვაჭრობის განვითარება. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა ვიზიტის კონტექსტს, როდესაც საქართველო თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან, საკვანძო როლს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში", - განაცხადა ბულგარეთში საქართველოს ელჩმა.
საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც 250-ზე მეტი სპიკერია ჩართული და 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით იმართება.