ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ბადრი ჯაფარიძე: დიდი შეურაცხყოფაა, როცა "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე, ანუ განაჩენი გამოიტანა და თქვენი სრული იგნორირება ხდება 22.10.2026 17:49

"ქართული ოცნების" ლიდერის განცხადება, რომ პარტიების გაუქმებამდე რამდენიმე დღე დარჩა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფა და მასზე ზემოქმედების მცდელობაა - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

 

„ჩვენ კვლავ ვნახეთ, მანიპულაციის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება" აწარმოებს ამ საქმესთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე- ამაზე დიდი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი, მითხარით? ეს არის უზარმაზარი შეურაცხყოფა სწორედ თქვენი კომპეტენციის, უფლებამოსილების, როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ რამდენიმე დღე აქვს პარტიებს არსებობისთვის, ანუ განაჩენი გამოიტანა და თქვენი სრული იგნორირება ხდება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

"ლელოს" ლიდერის ამ შეფასებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ თქვა, რომ სასამართლო პოლიტიკოსების განცხადებებს ვერ შეაფასებს. ნადარაია ამტკიცებს, რომ სასამართლოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს. მისივე განცხადებით, ზეწოლის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

 

"ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. სხვადასხვა ინტერვიუში ყველა მხარე ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს. არავითარი ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერ მოგვაქცევს ვერავინ. არავითარ მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგაქცევთ ვერავინ ვერასოდეს, ეს იცოდეთ", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

 

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს.

 

„ამ შუამდგომლობის აქ, მთავარი მოტივატორი არის ის, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს - ხუთი, ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, ყოველ შემთხვევაში, „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის" შექმნილი არის 2019 წლის ბოლოს. არანაირ კავშირში არ არის სხვა პოლიტიკური ორგანიზაციასთან არც დაფუძნების, არც მისი ისტორიის კუთხით. ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს, არამხოლოდ გაუქმება, არამედ მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს. ამიტომ, ევროპულ კონვენციასთან ამ მოთხოვნისთვის შესაბამისობის სტანდარტი უნდა იქნას განსაზღვრული. ჩვენი შუამდგომლობის მთავარი მოტივატორი არის ის, რომ სრულიად უპრეცედენტოა. თან არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ კონსულტაციისთვის შესაძლებელია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სრულიად საფუძვლიანად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩვენი მთავარი მოტივატორი არის ის, რომ ამ სასამართლომ განსაზღვროს ევროპულ კონვენციასთან 5 პარტიის გაუქმების მოთხოვნის შესაბამისობის შემთხვევაში, რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ