სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ვასილ მაღლაფერიძე – ევროპაში მოსახლეობის დაბერება, დაბალი შობადობა, მასშტაბური მიგრაცია და პერიოდული სოციალური მღელვარება აჩენს კითხვას: ჩვენს თვალწინ ხომ არ მიმდინარეობს ისტორიული გარდაქმნა 19.10.2026 19:57

 

ევროპაში მოსახლეობის დაბერება, დაბალი შობადობა, მასშტაბური მიგრაცია და პერიოდული სოციალური მღელვარება აჩენს კითხვას: ჩვენს თვალწინ ხომ არ მიმდინარეობს ისტორიული გარდაქმნა, რომლის შედეგადაც დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ევროპული საზოგადოებები ჩამოყალიბდება?, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, ამ კითხვაზე ფიქრისას გვიანდელი რომის სამყარო გვახსენდება.

„ხალხთა დიდი გადასახლება, განსაკუთრებით IV-VI საუკუნეების მოვლენები, ევროპის პოლიტიკური და კულტურული გარდაქმნის (დღევანდელი ევროპის შექმნის) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. თუმცა ისტორიული პარალელი მოვლენათა გასააზრებლად გამოგვადგება და არა იმის დასამტკიცებლად, რომ დღევანდელ ევროპას აუცილებლად რომის ბედი ელის.

რომის გარდაქმნა

დასავლეთ რომის იმპერია ერთბაშად არ დაშლილა. ერთმანეთს დაერთო სამხედრო მარცხები, შიდა პოლიტიკური ბრძოლა, ფისკალური სირთულეები და ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა.

იმპერიის ტერიტორიაზე სახლდებოდნენ გოთები, ვანდალები, ფრანკები, ბურგუნდები და სხვა ხალხები. მათი ურთიერთობა რომაულ ხელისუფლებასთან მხოლოდ დაპირისპირებას არ გულისხმობდა, იდებოდა შეთანხმებები და ხდებოდა ადგილობრივ საზოგადოებებთან თანდათანობითი შერწყმა. არარომაული წარმოშობის სარდლები და სამხედრო ჯგუფები იმპერიის პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

საბოლოოდ იმპერია დაეცა, მაგრამ რომაული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი გადარჩა: ლათინური ენა და მისგან განვითარებული ენები, სამართლებრივი მემკვიდრეობა და კულტურული ტრადიციები. რომაული, გერმანული და ადგილობრივი მემკვიდრეობის ურთიერთქმედებამ შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

ეს საზოგადოებები არც ძველი რომის უბრალო გაგრძელება იყო და არც გერმანული ტომობრივი სამყაროს უცვლელი გადმონაშთი. დიდი გარდაქმნის შედეგად ახალი პოლიტიკური და კულტურული რეალობა შეიქმნა.

დემოგრაფია და იდენტობა

ევროკავშირის დემოგრაფიული მდგომარეობა რეალური გამოწვევაა. ევროსტატის 2026 წლის ივლისში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წელს გარდაცვალებათა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას დაახლოებით 1.35 მილიონით გადააჭარბა. დადებითი მიგრაციული სალდო კი დაახლოებით 2.05 მილიონი იყო.

2025 წლის დასაწყისში ევროკავშირში ცხოვრობდა მის ფარგლებს გარეთ დაბადებული 46.7 მილიონი ადამიანი - მოსახლეობის 10.4%. ეს მაჩვენებელი ევროკავშირში დაბადებულ მიგრანტთა შვილებსა და შვილიშვილებს არ მოიცავს.

დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ეთნიკური წარმომავლობა და კულტურული თვითიდენტიფიკაცია სხვადასხვა რამაა. ევროპაში დაბადებული მიგრანტის შთამომავალი შეიძლება საკუთარ თავს სრულად ევროპელად მიიჩნევდეს, თუმცა, ამავე დროს, წინაპართა ქვეყანასთან კავშირსაც ინარჩუნებდეს და ორივე იდენტობას აერთიანებდეს.

დაბალი შობადობა და მიგრაცია მოსახლეობის შემადგენლობას თანდათანობით და დაჟინებით ცვლის. ამ ცვლილების მასშტაბი და კულტურული შედეგები დამოკიდებული იქნება მიგრაციულ პოლიტიკაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე, ინტეგრაციასა და თავად საზოგადოებების არჩევანზე.

დღევანდელი ბრიტანული, ფრანგული, ესპანური და იტალიური იდენტობებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ამიტომ შესაძლებელია, XXII საუკუნის ევროპელი დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს და საკუთარ თავს მაინც ევროპელად მიიჩნევდეს. მაგრამ როგორი იქნება ეს განსხვავება, წინასწარ დაზუსტებით ვერ ვიტყვით.

2050 წლისთვის ევროკავშირის მოსახლეობა, ევროკომისიის ერთ-ერთი დემოგრაფიული სცენარის მიხედვით, დაახლოებით 445 მილიონი იქნება, ხოლო თითქმის ყოველი მესამე მცხოვრები - 65 წლის ან უფროსი. ეს სამუშაო ძალას, საპენსიო სისტემებსა და ჯანდაცვას დამატებით წნეხს შეუქმნის. სამუშაო ძალის დეფიციტის შემსუბუქების ძირითადი წყარო კი მიგრაციაა, რაც დემოგრაფიულ წნეხს ამსუბუქებს, თუმცა, სხვა დამატებით ამოცანებსაც წარმოშობს", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, ევროპაში სიმდიდრის დაგროვება განაპირობა სამხედრო ძლიერებამ, სამეცნიერო და ტექნიკურმა პროგრესმა, ინდუსტრიალიზაციამ, ვაჭრობამ და კოლონიურმა ექსპანსიამ.

მისივე განმარტებით, საუკუნეების განმავლობაში, ევროპა კეთილდღეობის ოაზისად ითვლებოდა და კეთილდღეობას მიჩვეული ევროპელებისთვის მტკივნეული აღმოჩნდა იმ ობიექტური რეალობისთვის თვალის გასწორება, რომ კეთილდღეობის ეპოქის დასასრული იწყება.

„კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, როგორც ახლო ისე განჭვრეტად მომავალში, ცხოვრების შესამჩნევი შემსუბუქება ნაკლებად მოსალოდნელია.

ბოლო 30 წლის განმავლობაში დემოგრაფიული პრობლემებით დამძიმებული, სუსტი სამხედრო პოტენციალისა და მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე ევროკავშირის წონა მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვნად შემცირდა. 1995 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო მშპ-ში დაახლოებით 26.5% იყო, 2025 წელს კი - 17.9%. არსებული პროგნოზებით, გაცილებით რეალურია ამ ტენდენციის გაგრძელება, ვიდრე - შემობრუნება, რაც ნიშნავს, რომ გაუმჯობესება არ იქნება არც სოციალური სიმშვიდისა და დაცულობის მიმართულებით.

რასაკვირველია, ნაადრევია იმის თქმა, რომ ევროკავშირში კეთილდღეობის ეპოქა საბოლოოდ დასრულდა, ვინაიდან, ევროპა უზარმაზარ მატერიალურ რესურსს ფლობს და ჯერ ისევ კეთილდღეობის სივრცეა, თუმცა, შეირყა რწმენა, რომ იგი ასეთად დარჩება მომავალშიც. შესუსტდა ის ევროპული დაპირება, რომ შრომა სტაბილურ ცხოვრებას უზრუნველყოფდა, ხოლო შვილები მშობლებზე უკეთ იცხოვრებდნენ. პროტესტს კი ხშირად არა მხოლოდ დღევანდელი გაჭირვება კვებავს, არამედ ისიც, როცა ხვალ უკეთესობას ვეღარ ხედავენ.

2050 წლისთვის ევროკავშირის დაბერებას ევროსტატის კვლევები საკმაოდ მკაფიოდ პროგნოზირებს - 445 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 133 მილიონი იქნება 65 წლის ან უფროსი. ამ 445 მილიონიდან რამდენი პროცენტი იქნება ევროკავშირის გარეთ დაბადებული ან მათი მეორე-მესამე თაობის შთამომავალი, ამის შესახებ ოფიციალური მონაცემი არსებობს, თუმცა, ნათელია, რომ მნიშვნელოვნად მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის.

ევროპის ეკონომიკას აუცილებლად სჭირდება სამუშაო ძალა, რისი წყაროც მიგრაციაა, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის შემადგენლობას ცვლის. ამ ორი პროცესის ურთიერთქმედება ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

„ახალი პროლეტარიატი"

რა არის ევროპაში მიმდინარე ძალადობის მთავარი მამოძრავებელი: სოციალური ამბოხი - ღარიბებისა და „უშანსოების" ბრძოლა მდიდრებისა და მმართველი ელიტის წინააღმდეგ, თუ - ცივილიზაციური დაპირისპირება - სხვადასხვა კულტურისა და ცხოვრების წესის მატარებელი ჯგუფების ბრძოლა იმისთვის, როგორი უნდა იყოს მომავალი ევროპა?

ეს ორი სხვადასხვა ნაკადი, არ არის გამორიცხული (ამის ნიშნები ჩანს), ერთმანეთს შეუერთდეს და ერთი დიდი საპროტესტო მოძრაობა წარმოშვას, რომლის წევრებიც საკუთარ თავს რაღაც „ახალ პროლეტარიატის" მსგავსად წარმოიდგენენ, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს.

ეს პირობითად „ახალი პროლეტარები" კლასიკური მარქსისტული პროლეტარებისგან არსებითად განსხვავდებიან და მათი გამაერთიანებელი ფაქტორი იქნება არა პოლიტიკური იდეოლოგია, საერთო კულტურა ან წარმომავლობა, არამედ არსებული ყოფიდან და საზოგადოებრივი წესრიგისგან გაუცხოება. ამის შედეგად ბარიკადებზე გვერდიგვერდ შეიძლება აღმოჩნდნენ მიგრანტიც, „ანტიმიგრანტიც" და სხვა უკმაყოფილოებიც.

ერთმანეთისგან განსხვავებული ჯგუფები შეიძლება სრულიად სხვადასხვა მიზეზით იყვნენ უკმაყოფილოები:

მიგრაციული წარმომავლობის ახალგაზრდები - სოციალური გარიყულობით, დისკრიმინაციით ან პოლიციასთან დაპირისპირებით.

ადგილობრივი ღარიბი მოსახლეობა - ეკონომიკური სტაგნაციით, სამუშაო ადგილების დაკარგვითა და სოციალური მობილობის შემცირებით.

საშუალო ფენის ნაწილი - ცხოვრების გაძვირებით, გადასახადებითა და პოლიტიკური წარმომადგენლობის უკმარისობით.

მიგრანტთა წინააღმდეგ განწყობილი ჯგუფები ეწინააღმდეგებიან მიგრანტთა შემოსვლას და ასე შემდეგ", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, რომ საფრანგეთში ხელისუფლებას აკრიტიკებენ როგორც მემარცხენე, ისე სხვა სოციალური ჯგუფები; იტალიაში პროტესტი მემარჯვენე მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარეობს; ესპანეთში კი მემარცხენე მთავრობის პოლიტიკას უპირისპირდებიან. აქედან ჩანს, რომ უკმაყოფილების ტალღა პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიურ დაყოფას სცდება და იმ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარეობს, რომლის დაძლევასაც ვერცერთი მიმართულების მთავრობა ვერ ახერხებს.

„ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ ქვეყნებში ცხოვრების დონე სულ უფრო ეცემა და სულ უფრო მეტი ადამიანი პრობლემის წყაროდ აღიქვამს არა რომელიმე მთავრობას, არამედ მთლიანად პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას. ამიტომ ის, რასაც ევროპაში ვხედავთ, შეიძლება, ჩვეულებრივ საპროტესტო მოძრაობა კი არ არის, არამედ ლეგიტიმურობის სისტემური კრიზისთან გვაქვს საქმე.

ჩვენ ვხედავთ, რომ მონაწილეთა დიდი ნაწილი მშვიდობიანად აპროტესტებდა ცხოვრების გაძვირებას, განათლების პრობლემებსა და სახელმწიფო მომსახურების გაუარესებას, მათ გვერდით კი არეულობის ზოგიერთ მონაწილე ძარცვავდა, წვავდა, ანგრევდა ან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა, რაც დანარჩენ მშვიდობიან პროტესტანტებში განსაკუთრებულ პროტესტს არ იწვევდა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მთლიანობაში პროტესტანტები მტრულად არიან განწყობილნი ზოგადად არსებული წესრიგის მიმართ და ეგზალტირებულ მდგომარეობაში მაღაზია, პოლიციის მანქანა, მუნიციპალური შენობა თუ ბაღის სკამი ამ წესრიგის სიმბოლოდ აღიქმება, ხოლო მისი დაწვა არსებული მტრული წესრიგის მოსპობას ნიშნავს. ამიტომ ერთდროულად შეიძლება თანაარსებობდეს ორი რეალობა, მასობრივი პოლიტიკური უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილების ფონზე მოქმედი ძალადობრივი ჯგუფები.

საფრანგეთის სენატის 2023 წლის არეულობების გამოძიებამაც საინტერესო დასკვნა გამოიტანა: მონაწილეებს ხშირად არ ჰქონდათ მკაფიო პოლიტიკური მოთხოვნები, მაგრამ ნამდვილად იკვეთებოდა ხელისუფლებისა და მისი ინსტიტუტების მიმართ ძლიერი მტრობა.

„ახალი პროლეტარიატი" შეიძლება, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჯგუფებისგან შედგებოდეს და მასში აღმოჩნდნენ ადგილობრივი ღარიბები, რომლებსაც სოციალური დაწინაურების იმედი დაკარგული აქვთ;

მიგრანტები და მათი შთამომავლები, რომლებიც თავს საზოგადოებიდან გარიყულად გრძნობენ; ახალგაზრდები, რომლებსაც განათლება აქვთ, მაგრამ ღირსეული სამუშაო და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა არ გააჩნიათ; ადამიანები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ ძალაში საკუთარ წარმომადგენელს ვერ ხედავენ.

და ასევე უკმაყოფილო ადამიანთა დიდი სოციალური ფენა, რომლის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ზოგჯერ დაბალი ხელფასი კი არ არის, არამედ არასტაბილური შემოსავალი, შფოთვა არასტაბილური გარემოთი და ხვალინდელი დღის შიში.

ტრადიციულ პროლეტარს მუდმივი, მაგრამ ძალიან მძიმე და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა, ახალი პროლეტარი კი ფიქრობს: „დღეს ვმუშაობ - მაგრამ ხვალ რა მელის?!" და მასაც ნგრევის და ცეცხლის წაკიდების სურვილი იპყრობს.

მარქსისა და ენგელსის ცნობილი მოწოდების მიხედვით პროლეტარებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, გარდა საკუთარი ბორკილებისა. „თანამედროვე პროლეტარი" კი შეიძლება ობიექტურად ბევრ რამეს ფლობდეს - საცხოვრებელს, სოციალურ დახმარებას, თავისუფლებას, უსაფრთხოებას და მაინც ისეთი განცდა ჰქონდეს, რომ დასაკარგი არაფერი აქვს. სინამდვილეში ეს სუბიექტური განცდა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალადობას სიღარიბე კი არ წარმოშობს, არამედ დამცირების და უსამართლობის განცდა და უიმედობა. როდესაც ამას ემატება ჯგუფური სოლიდარობა და ძალადობის გამართლების იდეოლოგია, ორგანიზებული დაპირისპირების შესაძლებლობა ბევრად იზრდება.

კლასიკურ მუშათა მოძრაობას ჰქონდა პროფკავშირები, პარტიები, საერთო ეკონომიკური ინტერესები და ხშირად მკაფიო პოლიტიკური მიზანი. „ახალი პროლეტარები" ვერასდროს შეთანხმდებიან, რისი აშენება სურთ, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით გაერთიანდებიან არსებული სისტემის წინააღმდეგ და ეცდებიან მის დაწვას და დანგრევას. ერთს მეტი სოციალური თანასწორობა უნდა, მეორეს - ეროვნული კულტურის დაცვა, მესამეს - რელიგიური ნორმების გაძლიერება, მეოთხეს საერთოდ არ სჯერა პოლიტიკური ინსტიტუტების, მეხუთე კი უბრალოდ გაბრაზებულია!.

ბარიკადებზე მდგარ პროტესტანტს შეიძლება არც ახალი ხელისუფლება სურს, არც - ახალი კონსტიტუცია, არც - ახალი სახელმწიფო. მას უბრალოდ სძულს ის წესრიგი, რომელშიც საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა კლასიკურ რევოლუციურ მოძრაობასთან, არამედ ხანგრძლივ, დეცენტრალიზებულ სოციალურ ამბოხთან, რომელსაც საერთო მტერი ნაპოვნი ჰყავს, მაგრამ საერთო მომავალი - არა. ისინი ერთიანები იქნებიან არსებული წესრიგის უარყოფაში, თუმცა, ვერასდროს შეთანხმდებიან სასურველ მომავალზე და ამიტომაც მოსალოდნელია არა ერთიანი რევოლუციური მოძრაობა, არამედ განგრძობითი სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც პერიოდული აფეთქება და აქედან გამომდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები მოჰყვება.

ამასობაში კი მიგრაციული პროცესები გაგრძელდება და ევროპაში დემოგრაფიული ვითარება შეიცვლება.

V საუკუნის რომიც ასე თანდათან ეცემოდა - იმპერიას შიდა სოციალური და პოლიტიკური დაპირისპირება ხრავდა, მის საზღვრებზე კი ახალ-ახალი ხალხები გადმოდიოდნენ", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ