16.10.2026 21:13
ბიომრავალფეროვნება - გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონფერენციის მონაწილეები ერევანში ერთი მიზნით შეიკრიბნენ.
გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ლიდერების ინტერესი ბუნების დაცვა, საერთო პასუხისმგებლობის გაძლიერება, კონვენციის ფორმატში აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება და საბოლოო შედეგის მიღწევაა. ბიომრავალფეროვნების მხრივ საქართველო რომ კავკასიის რეგიონში გამორჩეულია, სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ამას ბუნებრივი მემკვიდრეობის არაერთი სახეობის საერთაშორისოდ აღიარება და იუნესკოს ნუსხაც ადასტურებს.
მეტი პოლიტიკური ნება და მეტი სისწრაფე - მთავარი გზავნილი ლიდერთა სამიტიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გააჟღერა. ანტონიო გუტიერეშის თქმით, კრიზისის გამომწვევი კლიმატური ქაოსია, საუკეთესო პრევენცია კი დროული მოქმედება. ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე კონფერენციის მონაწილეებს მასპინძელი ქვეყნის-სომხეთის პრემიერ მინისტრმაც მიმართა.
ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება, მოვლა და პოტენციალის სრულად გამოყენება მხოლოდ ბიომრავალფეროვნების დაცვას არ ემსახურება და დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკასთან. დაცული ბუნება ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ეკონომიკური ზრდა კი თანაბრად უნდა აისახოს, როგორც სოფლის ასევე მთიანი რეგიონების მოსახლეობაზე, რომელთა რესურსიც ძირითადად სწორედ ბუნებაზეა დამოკიდებული.
გაეროს კონფერენციის ამოცანა მთავრობების დახმარება და იმ ვალდებულებების შესრულებაში მხარდაჭერაა, რომლებსაც სახელმწიფოები სხვადასხვა ხელშეკრულებებით იღებენ. საქართველოს ამ მხრივ პოზიტიური შედეგები აქვს. სამომავლო პრიორიტეტებიც განსაზღვრულია. საქართველო 2030 წლისთვის დაცული ტერიტორიების ფართობის 30 პროცენტამდე ზრდას გეგმავს, ამასთან კიდევ ერთხელ იღებს ვალდებულებას, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პარალელურად პრიორიტეტებში ბიომრავალფეროვნების დაცვა უცვლელი დარჩება.
ერევანში გამართული გაეროს კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა. ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები რეგიონში არსებულ ვითარება, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობა და ტურიზმის განვითარება იყო.ირანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა სოციალურ ქსელშიც დაადასტურა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების მხარდაჭერა. დღესვე ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა ორგანიზაციის როლზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევე ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე შეხვედრის დასასრულს კი იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში მოიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-17 კონფერენციაზე დასასწრებად გუშინ გაემგზავრა. მთავრობის მეთაური კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. დღეს დილიდან კი 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ლიდერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა.