შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სარჩელში მარტივი საკითხია დასმული, ეს პარტიები არ აღიარებენ კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი 16.10.2026 17:32

საკონსტიტუციო სარჩელში მარტივი საკითხია დასმული, ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას და, მარტივად, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით განუცხადა.

 

კობახიძის თქმით, იმის გამო, რომ ამ პარტიებს არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს.

 

„მე მათ ადგილზე ვიქნებოდი კონცენტრირებული საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე. მათ საკუთარი თავი უნდა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, იმ სარჩელის წინაშე, რომელიც არის წარდგენილი სასამართლოში. მათ უნდა მოამზადონ არგუმენტები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები და არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ მიმართავენ საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. ამ სარჩელში მარტივი საკითხია დასმული. ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას. აქ, მარტივად, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი. გამოდის, რომ ან ისინი არიან მართლები თეორიულად, ან, ვინც ამას ამბობს, ის უპირისპირდება უხეშად საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. ეს არის საკითხი, რომელსაც გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ ვითარებაში ან ერთი უნდა იყოს არაკონსტიტუციური, ან მეორე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სარჩელს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს", - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ იციან, რომ თავიანთი არსით არიან არაკონსტიტუციურები და ამაზე ღიად საუბრობენ.

 

„მთელი ამ წლების განმავლობაში თვითონ საუბრობდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობაზე, საკუთარი ქმედებით ადასტურებდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობას. ასეთ დროს არგუმენტებისგან მთლიანად ხარ დაცლილი და, შესაბამისად, არ აქვთ საკუთარი არგუმენტების იმედი საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარსდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ