08.10.2026 17:09
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია.
ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული ჯგუფების მიზანია არა დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა საქართველოში, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში მოყვანა.
„რაც შეეხება რეზოლუციასთან დაკავშირებულ საკითხებს, სწორედ ასეთი პოლიტიკით წაქეზებული და მათ მიერ ნაკვები ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიცია იყო, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქუჩაში მოისროლა და ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ამასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, ყოველმხრივ, ყველანაირად ახალისებდნენ, მათ შორის 4 ოქტომბრის გადატრიალებას. ეს არის დამარცხებული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური აქტორების საქართველოზე შურისძიების რეზოლუციების მთელი წყება, რომელსაც არანაირ რეალობასთან და საქართველოსთან კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება, როგორც ისინი ეძახიან, პოლიტპატიმრებს, ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე ან პოლიციელზე შტურმს და თავდასხმას მოახდენს, თუ პოლიტპატიმარია, მაშინ სულ რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლების დროს. მაგრამ რეზოლუცია, რა თქმა უნდა, არც მიუღიათ და არც კრინტი დაუძრავთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება.
„რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საკითხს, ყველამ გაითვალისწინოს, რომ საქართველო არ გახლავთ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს კანონები. საქართველოს აქვს კონსტიტუცია და ყველა ის კანონი, რაც არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან. ცალკეული ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი არ არის, საქართველოში კანონი და კონსტიტუცია უნდა არსებობდეს თუ არა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ და კონსტიტუციურ პროცესს, მათ შორის იმ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობაზე არსებობს ობიექტური მტკიცებულებები ჩვენი სამშობლოდან გამომდინარე. როგორც არჩევნების დროს არჩევნებში უხეშად ჩარევით იყვნენ დაკავებული, როდესაც გადათელილი ჰქონდათ საერთაშორისო სამართალი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, დემოკრატიის პრინციპები და არჩევნებში ჩარევის პრინციპები, ახლაც ასე ცდილობენ, ჩაერიონ, მათ შორის, სასამართლო პროცესებში. ეს არ არის ის რეზოლუციები, რომლებიც სამართლიანობაზეა დაფუძნებული, ეს არის რეზოლუციები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას. 15-20 ადამიანია ხოლმე 720-კაციან პარლამენტში, რეალურად ინტერესი აქვს ზუსტად ერთსა და იმავე სახელებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიაზე „ზრუნავენ". ინტერესი არის ერთადერთი, რამენაირად დააზიანონ საქართველო, რადგან გაღიზიანებული არიან, მათ შორის იმით, რომ საქართველოს აქვს მყარი და მდგრადი ეკონომიკური წინსვლა. ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას ვერ აღწევენ, ოპოზიცია, ფაქტობრივად, მათივე კვლევებით, განულებულია. ამიტომ უნდა დააწიონ ასეთი ტიპის რეზოლუცია, რათა არარსებულ ოპოზიციას და გარკვეულ მედიას ქვეყნის შიგნით აჟიოტაჟის შექმნის საშუალება მისცენ", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის და ნიკა მელიას, მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ".