22.09.2026 18:25
ის კამპანია, რასაც ახლა გვარამია, სააკაშვილი და ბარამიძე აწარმოებენ, მათთვის ახალი არ არის, გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები 2008 წლის ომამდე, ის სთავაზობდა რუსეთის პრეზიდენტს, აფხაზეთის ნაწილი დარჩენილიყო რუსეთის გავლენის ქვეშ და გალი, ოჩამჩირე ყოფილიყო საქართველოს გავლენის ქვეშ, ამ გაყოფას სთავაზობდა, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, საზოგადოება დააჯერონ, თითქოს აფხაზები და ქართველები მტრები არიან.
„ნათელია, რომ აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, საბაბის გარეშეც კი, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ გაიშალა კამპანია ბარამიძის, გვარამიას, სააკაშვილის, მონაწილეობით, რომლის მთავარი შინაარსი და გზავნილი არის, რომ აფხაზები და ქართველები ვართ მტრები, როგორც სააკაშვილმა განაცხადა ამას არაფერი ეშველება. შესაბამისად, შეუძლებელია, იფიქრო თანაცხოვრებაზე და ჩვენი ქვეყნის ერთიანობაზე. ამის შემდეგ უადგილო პარალელების ყარაბაღთან და განმარტება, რომ როგორც სომხეთის ხელისუფლებამ დაივიწყა ეს ტრავმა, ასევე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც ასე უნდა მოვიშოროთ. როგორც კი ტრავმა დაივიწყა სომხეთის ხელისუფლებამ, გაეხსნათ ახალი ევროპული პერსპექტივები. ეს არის პირდაპირი მინიშნებები, რომ თუ უპერსპექტივოა ჩვენი ერთობა და ამავე დროს თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა, უნდა ავირჩიოთ, ან უარი ვთქვათ ევროპულ პერსპექტივაზე, ან ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. ამისკენ მიჰყავს გვარამია, სააკაშვილს და ბარამიძეს მათი ნარატივი. საბოლოო პასუხსაც იქვე ამბობენ, თუ გვინდა, ევროპული პერსპექტივა, ამ ტრავმებზე უარი უნდა ვთქვათ, უარი უნდა ვთქვათ ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩავაბაროთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს. იქვე ამბობენ, არაუშავს, ჩვენ რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი, გავა დრო და ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, მსგავსი პროპაგანდა მიმდინარეობს უკრაინასა და მოლდოვაშიც.
„ჩვენ ამ პროპაგანდას ვხედავთ უკრაინაში, როცა აგუებენ, რომ ტერიტორიულ დათმობებზე მოუწევს წასვლა, რადგან თავისი ქვეყნის პერსპექტივა წინ წასწიოს, ამას ვხედავთ მოლდოვასთან დაკავშირებით, როცა რუმინეთზეა საუბარი. ასე რომ, მართლაც ამაზრზენი კამპანიაა, რომელიც გარედან არის თავსმოხვეული. ამგვარი ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი არის, რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ერთიანობაზე. ეს კამპანია, რასაც ახლა გვარამია, სააკაშვილი და ბარამიძე აწარმოებენ, მათთვის ეს ახალი არ არის. გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები 2008 წლის ომამდე, ის სთავაზობდა რუსეთის პრეზიდენტს, აფხაზეთის ნაწილი დარჩენილიყო რუსეთის გავლენის ქვეშ, თმობდა აფხაზეთის ნაწილს და გალი, ოჩამჩირე ყოფილიყო საქართველოს გავლენის ქვეშ. ამ გაყოფას სთავაზობდა. ფარულად მისწერა წერილი რუსეთის ხელისუფლებას. საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, ეს არის ძალიან მძიმე პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ", - განაცხადა პაპუაშვილმა.