15.09.2026 13:52
იმის არაღიარება, რომ პირდაპირი კორელაციაა, რომ კეთილდღეობის ზრდასთან ერთად ქვეყნებში იზრდება დემოგრაფიული გამოწვევები, უბრალოდ ის არის, რომ მეცნიერება არ ვაღიაროთ და ვთქვათ,რომ დედამიწა ბრტყელია - სამწუხაროდ, ასე არის, მაგრამ გამოწვევებს სჭირდება შესაბამისი პასუხები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, დაჯი კოვზირიძის განცხადებას დემოგრაფიულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, შობადობის მაჩვენებლის მსოფლიო რუკის თანახმად, ეკონომიკურ- სოციალურ მდგომარეობასა და შობადობის მაჩვენებელს შორის პირდაპირი კავშირია, რაც დემოგრაფიის კვლევაში უბრალოდ ჭეშმარიტებაა.
მისივე თქმით, სამწუხარო მოცემულობაა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, მათ შორის ეს კავშირია, თუმცა ასეთ შემთხვევაში სხვა დამატებითი წამახალისებელი გზები უნდა მოიძებნოს წყვილებისთვის.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ რაღაც ფატალისტურად უნდა შევხედოთ, რომ არაფერი არ ეშველება - აქ უნდა მოიძებნოს სხვა დამატებითი წამახალისებელი გზები იმისთვის, რომ წყვილებმა გადაწყვიტონ, ჯერ ერთი, ქორწინების რაოდენობაც მეტი უნდა იყოს, აქაც არის გამოწვევები, შემდეგ შობადობა და ა.შ. ანუ ის, რომ გამოწვევა არის, ყველა ვთანხმდებით, ასევე იმაზე, რომ ამას რომ სჭირდება შესაბამისი ზომები და ნაწილობრივაც გაკეთებულია, თუნდაც ბაღები არის უფასო და ესეც ამის ერთ-ერთი კომპონენტია. გარდა ამისა, მიდის მუშაობა, ჯანდაცვის კომიტეტს სამუშაო ჯგუფიც ჰქონდა ამაზე შექმნილია, მუშაობდა და არის გარკვეული იდეები, რომელზეც მთავრობასთან ერთად გავდივართ და ამ საკითხთან დაკავშირებითაც იქნება ინიციატივები, მაგრამ იმის არაღიარება, რომ პირდაპირი კორელაციაშია, რომ კეთილდღეობის ზრდასთან ერთად ქვეყნებში იზრდება დემოგრაფიული გამოწვევები, ეს არის უბრალოდ ის, რომ მეცნიერება არ ვაღიაროთ და ვთქვათ,რომ დედამიწა ბრტყელია. სამწუხაროდ, ასე არის, მაგრამ გამოწვევებს სჭირდება შესაბამისი პასუხები",- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ დემოგრაფიულ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში, გასულ წელს, 6400 ადამიანით ნაკლები დაიბადა ვიდრე გარდაიცვალა.
ასევე, მან პაპუაშვილს ასე მიმართა: „სცადეთ დემოგრაფიული შემცირება უკუღმა აგეხსნათ - ზედმეტად კარგად ცხოვრობს ხალხი და ამიტომ აღარ ვმრავლდებითო".
დეპუტატის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ „ქართული ოცნების" მუშაობის ბოლო წლებში დემოგრაფიული მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება იმიტომ, რომ ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას პირდაპირი გავლენა აქვს არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაზე.
ავტორ(ებ)ი :