14.09.2026 18:29
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა კარდიფში თვითგამორკვევის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ჯონ სუინიმ, უელსის ლიდერმა რუნ აპ იორვერთმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პირველმა მინისტრმა მიშელ ო'ნილმა.
მემორანდუმში ისინი აცხადებენ, რომ თითოეულ ერს აქვს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად განსაზღვრის უფლება.
ამასთან, დოკუმენტი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, მოემზადოს და ხელი შეუწყოს შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებს. ლიდერების თქმით, „ვესტმინსტერის დრო დასასრულს უახლოვდება" და გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება.
ამასთან, მედიის ცნობით, შეთანხმება დამოუკიდებლობის გამოცხადებას ან ავტომატურად რეფერენდუმის დანიშვნას არ ნიშნავს. მათივე ცნობით, ეს არის პოლიტიკური შეთანხმება თვითგამორკვევისა და შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად.
„პირველად ისტორიაში, ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰყავს პირველი მინისტრები შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომლებიც გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის მომხრეები არიან. ამ კუნძულებზე მყოფი ადამიანებისთვის - მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყოფი ადამიანებისთვის - არ არსებობს უფრო მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ვესტმინსტერის დრო დასასრულს უახლოვდება. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს უკეთესი გზა: ერები თანასწორად მუშაობენ, იდეებსა და ექსპერტიზას უზიარებენ ერთმანეთს და ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს აშენებენ. ჩვენი მოძრაობების უკან იმპულსი დგას; ჩვენ გვჯერა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მოდის. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტიებს შორის და გამოვავლინოთ პრაქტიკული სფეროები, სადაც ერთად მუშაობას შეუძლია რეალური ცვლილებების შეტანა", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, ლიდერები მოუწოდებენ ბრიტანეთის მთავრობას, მოემზადოს, დაგეგმოს და ხელი შეუწყოს კონსტიტუციურ ცვლილებებს თითოეულ იურისდიქციაში.
სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ ირლანდიის პირველმა მინისტრმა მიშელ ო'ნილმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის კომენტარები ირლანდიის ერთიანობის მხარდასაჭერად აჩვენებს, რომ დებატები „ძალიან ცოცხალია".
„ვფიქრობ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის კომენტარები კარგად ასახავს იმ ფაქტს, რომ ერთიანობის შესახებ დებატები ძალიან ცოცხალია და ხალხი ჩართულია მასში, არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ, ცხადია, ახლა საერთაშორისო დონეზეც", - განაცხადა მან.
ავტორ(ებ)ი :