07.09.2026 12:26
დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, დაიძრას აღნიშნული პროცესი და მიღწეულ იქნას პროგრესი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა გასული წლების განმავლობაში არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა და, შესაბამისად, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით.
„ეს იყო მარტივი ტყუილი და სპეკულაცია. განსაკუთრებული კომენტარების გაკეთება არც ღირს ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ცვლილება ამ წლების განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არ განხორციელებულა, არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენი მიზანია, დავძრათ ეს პროცესი, მივაღწიოთ პროგრესს და პროგრესი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მიღწეული ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად, არავითარ შეთანხმებას არ მოწერია ხელი ამ გასული წლების განმავლობაში დემარკაცია - დელიმიტაციის კუთხით. დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაც ძალიან მარტივად გამომჟღავნდა.
რაც შეეხება ზოგადად დემარკაცია-დელიმიტაციას, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთს, არავითარი არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძესთან დაკავშირებით შეკითხვას, პრემიერის თქმით, მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის საუბრობდა კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, თუმცა მსგავსი ხელშეკრულება საიდუმლოდ ვერ ფორმდება.
„მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა აქტი არის ღია და გამჭვირვალე. ვერცერთი ასეთი შეთანხმება საიდუმლოდ ვერ გაფორმდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი ტყუილი გაავრცელებინეს ამ კაცს, არის ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით არის მისი ოჯახის წევრის ჩვენება და ა.შ. საუბარია ადამიანზე, რომელიც ბინაში იყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. კაცი გარდაცვლილია და უნდა ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური ამ ყველაფერზე საუბარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :