06.09.2026 12:08
7 და 8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც პრემიერის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.
საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად. რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმის წლევანდელი სლოგანია : „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს".
ფორუმი აერთიანებს ქვეყნების მთავრობებს, საზღვაო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. წელს ბათუმში ერთმანეთთან ინტერაქციის საშუალება რამდენიმე ათეული ქვეყნის 300-ზე მეტ დელეგატს შეეძლება. განხილვის მთავარი თემები შუა დერეფანი, გლობალური სავაჭრო მარშრუტები, პორტების განვითარება და რეგიონული ინტეგრაცია იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას, ელექტრონულ სანავიგაციო სისტემებს, პორტების გაერთიანების სისტემებსა და საზღვაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. დისკუსიები შეეხება იმასაც, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგიური განვითარება პორტების, საზღვაო ინფრასტრუქტურისა და მთლიანად სექტორის მუშაობის პროცესს. საქართველო ფორუმზე წარდგება როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ჰაბი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს როლს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში.
ორი დღის განმავლობაში ხუთი სადისკუსიო პანელი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, საერთაშორისო თანამშრომლობა საზღვაო მმართველობაში, საზღვაო სექტორის რეგულირების გამოწვევები, ციფრული დერეფნები, ადამიანური რესურსების მართვა საზღვაო სექტორში და სხვ. ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრები საზღვაო სექტორის ერთი ფანჯრის პრინციპით საქმიანობასა და მშრალი პორტების განვითარების საკითხებზე. ფორუმზე ასევე გაიმართება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის პრეზენტაცია.
ავტორ(ებ)ი :