ლევან ხაბეიშვილი – ხუთი დღეა, პარტია შექმნეს და ჭკუას გვარიგებენ, როგორ შეცვალეს „პარადიგმა“, ლატე არ შეგშრობიათ პირზე და ბაქიბუქობთ, მე თქვენსკენ ვარ, მხოლოდ უაზროდ ნუ იჭაჭებით 31.08.2026 20:46

 

ხუთი დღეა, რომ პარტია შექმნეს და ახლა ტვ-დან ჭკუას გვარიგებენ, როგორ შეცვალეს „პარადიგმა". იცით, რა სასაცილო საყურებლები ხართ?! „ლატე არ შეგშრობიათ" პირზე და მედიდურად ბაქიბუქობთ. მე თქვენკენ ვარ, უკანასკნელი ვიქნები თქვენში, თქვენი მსახური ვიქნები, მხოლოდ, თქვენი ჭირიმე, უაზროდ ნუ იჭაჭებით, ძალის ეშინია ივანიშვილს, საქმე და ძალა რაც არის, მოგახსენეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველა რეალურ მობილიზებაზე უნდა კონცენტრირდეს.

„2022-2026 წლებში 500-1000 ადამიანი სისხლით თუ ადმინისტრაციულით ციხეში გაუშვეს. 5 000-დან 10 000-მდე ადამიანი არის დაჯარიმებული აქციების, პროქართული, პროევროპული პოზიციების გამო. 2 000-ზე მეტი ადამიანი საჯარო სამსახურიდან გააგდეს, გაათავისუფლეს პოზიციის გამოხატვის გამო. 500-დან 1000-მდე ადამიანი სცემეს, აწამეს, სახლთან დახვდნენ. ათიათასობით ადამიანს ტელეფონზე დაურეკეს და აგინეს. საქართველოში 2500-მდე საარჩევნო უბანია, ანუ სოფელი, თემი, უბანი. შესაბამისად, თითო უბანში 5-7 ასეთი დევნილი მოქალაქეა. პლუს მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრე, მეზობლები და, ჯამში, 20-35 ადამიანია თითო თემში აქტიური მოწინააღმდეგე რეჟიმის. ცხადია, ამ ხალხის გარდა, კიდევ უამრავი ადამიანია ოპოზიციურად განწყობილი. ზეწოლა რომ მოვახდინოთ რეჟიმზე, შეტევაზე ვიყოთ და მათი იძულება მოვახერხოთ - ნორმალური არჩევნები მივიღოთ, ამისთვის საჭიროა ამ 2500 უბანში, თემში გვყავდეს 30 000-40 000-კაციანი მომხრეთა აქტიური, იდენტიფიცირებული „ჯარი". თითო საარჩევნო უბანში 15-20 ადამიანი გვჭირდება. ახლა კითხვა: მარტო ეს რომელ პარტიას შეუძლია?! მაგალითად, წინა, გასულ 2-3 „არჩევნებში" პარტიების 90%-ს არათუ 2500 უბანზე 15-20 წევრი, არამედ 2500 უბანზე თითო წევრიც ვერ ჰყავდათ. თუ უბანში 15-20 ადამიანი არ გვყავს, ვინც მუშაობს ხალხთან, ავრცელებს სიმართლეს, იცავს ხმებს, აკეთებს მობილიზებას, მაშინ უბრალოდ აზრი არა აქვს ბაქიბუქს. რეალურად, ეს ხალხი არსებობს, მაგრამ ცალ-ცალკე და გათითოკაცებულს არ შეგვიძლია ამ ინფრასტრუქტურის აწყობა", - წერს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის განცხადებით, საჭიროა ფორმულა, ყველა მინუს ივანიშვილი.

„ამიტომ, არის საჭირო ფორმულა - ყველა (!) მინუს ივანიშვილი. ერთად შევძლებთ ამ „არმიის", 30 000-40 000-იანის შექმნას?! - ცხადია, კი! ამას თუ გავაკეთებთ, ორგანიზებულს გავხდით ამ გათითოკაცებულ მებრძოლებს, მაშინ შევძლებთ წნეხს, შეტევას და მივიღებთ სამართლიან არჩევნებს, სადაც დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ. ცალ-ცალკე 5-კაციანი პარტიები, ფაქტია, ვერ შეძლებენ 2500 თემში ამ მობილიზების გაკეთებას. ერთად? - ერთად უპირობოდ შევძლებთ! ტვ-ებიდან ათასჯერ ნასაუბრების ლაპარაკს, ყველამ გავინაწილოთ უბნები და ადგილზე გავაკეთოთ 15-20-კაციანი გუნდები. მაგალითად, მე ციხიდანაც კი შევძლებ 2-3 ასეთი უბანი „ჩავიბარო", გავაკეთო 15-20-კაციანი გუნდი თითო უბანზე. ეს არის კონკრეტული საქმე. ტყუილად ტვ-ში „ბუქსაობას", ერთისა და იმავის ღეჭვას, სჯობს, რეალური საქმით დავკავდეთ, თორემ ხვალ რომ ჩაინიშნოს არჩევნები, გამოდით და თქვით: ვის გყავთ უბანზე ერთი ადამიანი მაინც? ძალა ერთობაშია და ამას პრაქტიკაში უნდა ხორცის შესხმა. იმედი არ მაქვს, კონკრეტულ საქმეზე ხალისით ისაუბრონ „კომენტატორებმა", მაგრამ უამრავი გულწრფელი მებრძოლია გარეთ და მათ ვუზიარებ ჩემს აზრს. უაზრო „მოსპიკერო", მოლაილაე ხალხი აღარ არის საინტერესო! ნამდვილ, მშრომელ მებრძოლებთან ერთად ვიმოქმედოთ. ხუთი დღეა, რომ პარტია შექმნეს და ახლა ტვ-დან ჭკუას გვარიგებენ, როგორ შეცვალეს „პარადიგმა" - იცით, რა სასაცილო საყურებლები ხართ?! სამწუხაროდ, 2500 უბანზე კი არა, ვარკეთილის 3-ა მ/რ-ში, აფრიკის დასახლებაში, ზემო პლატოზე არ იქნებით ნამყოფები.... ბიძინას დამარცხება გინდათ ასე ცალ-ცალკე და, მაგალითად, სურებში, ზოტში, ბუკისციხე რომ არ მითხრათ, ვინ დაიცავს თქვენს ხმებს?! „ლატე არ შეგშრობიათ" პირზე და მედიდურად ბაქიბუქობთ! მე თქვენკენ ვარ! უკანასკნელი ვიქნები თქვენში, თქვენი მსახური ვიქნები - მხოლოდ, თქვენი ჭირიმე, უაზროდ ნუ იჭაჭებით! ძალის ეშინია ივანიშვილს, საქმე და ძალა რაც არის, მოგახსენეთ. უაზრო ლაილაი არ აშინებს რეჟიმს. ერთიანობას აზრი არა აქვს - ცალ-ცალკეო, იდენტობაო, მაგრები ვართო, წარსული არ გვამძიმებსო და, სულ რომ არაფერი, ფბ-ზე თქვენს 12-27-51-„ლაიქიან" პოსტებს მაინც დააკვირდით. დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ! ტყუილად დროის გაწელვის გარდა, არაფერი ხდება თქვენი მხრიდან. კიდევ ერთხელ „პარდონ", რომ ცოტა ცხარედ ვმსჯელობ - მე თქვენიანი ვარ", - წერს ხაბეიშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ