31.08.2026 16:59
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ცვლილების პაკეტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. წამყვანი კომიტეტი, რომელსაც საკითხი განსახილველად გადაეცემა, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი იქნება.
„აღნიშნული ინიციატივა ეხება საქართველოს მთავრობაში რეგიონული პოლიტიკის მართვის ინსტიტუციური მოდელის ცვლილებას. ეს საკითხი კვლავ აქტუალურია საქართველოს მთავრობისთვის, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს განსხვავებულ მოდელზე მუშაობა, რომლითაც უახლოეს პერიოდში წარდგება საქართველოს მთავრობა თქვენ წინაშე საკანონმდებლო ინიციატივით. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივის განხილვის და მით უფრო მისი დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობა არ დგას და გთხოვთ, გადაწყვეტილების მიღებისას ეს საკითხი გაითვალისწინოთ", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რომ ტექნიკურად საჭირო არის ამ პაკეტის გაწვევა, ვინაიდან სხვა მოდელზეა მსჯელობა.
„როგორც თავდაპირველად იყო გაცხადებული, დაგეგმილია, გაუქმდეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. არ შეიქმნას რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია და იგეგმება, რამდენადაც ვიცი, გაერთიანდეს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამიტომ მთავრობა ამაზე მსჯელობს. ასე რომ, მომავალი სასესიო კვირისთვის მთავრობას უკვე ექნება საკანონმდებლო პაკეტი და წარდგება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა მამუკა მდინარაძეს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ცვლილებებიც მათ შორის განპირობებული იყო იმ ფუნქციისთვის, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა ეკისრა მთავრობაში, ჩვენ მოვისმინეთ მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ. 2016 წლიდან იყო პარლამენტის წევრი, ბიუროს წევრი, ფრაქციის და უმრავლესობის ლიდერი. რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება დასანანია და მინდა, კიდევ ერთხელ ბიუროს სახელითაც გადავუხადო მადლობა წლების განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის, შემდეგ მთავრობაშიც მნიშვნელოვანი იყო მისი წვლილი. მინდა, ვუსურვო წარმატება იმ გეგმებში, რომელიც დასახული აქვს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :