შალვა პაპუაშვილი – ზოგს, შეიძლება, იმედი ჰქონდა, რომ ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედებას შეძლებდა, მაგრამ ხალხის პასუხი მკაფიოა, ვხედავთ, რომ ხდება საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადააზრება 31.08.2026 14:52

ამერიკის წინა ადმინისტრაციას სწყინდა, რომ აქ ხელისუფლებაში ის ხალხი არ აირჩეოდა, ვინც მისი ნების პირდაპირი შემსრულებლები იყვნენ. სამწუხაროდ, ასე სწყინს ევროპაში ზოგიერთ ხელისუფლებას, საქართველოში მათი მარიონეტები რომ არ არიან ხელისუფლებაში. ჩვენ ამის მანდატი ქართველი ხალხისგან გვაქვს. წყენას ვინ როგორ გაუმკლავდება, მათი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, ზოგს, შეიძლება, იმედი ჰქონდა, რომ ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედებას შეძლებდა, თუმცა ქართველი ხალხის პასუხი მკაფიოა.

 

„ჩვენ კომპრომისს არ ვაპირებთ იმის გამო, რომ ვიღაცამ კარგი თვალით შემოგვხედოს, სანაცვლოდ, გარედან მივცეთ არჩევანის შევცლის შესაძლებლობა. ამას ყველა უნდა შეეგუოს. ეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ვინც შეეცდება, ჩვენი მოქალაქეების არჩევანში ხელები აფათუროს, ასეთი დამოკიდებულება გვექნება. ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდებით, ხდება გადააზრება საკუთარი დამოკიდებულების. ზოგს, შეიძლება, იმედი ჰქონდა, რომ ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედებას შეძლებდა, მაგრამ ქართველი ხალხის პასუხი მკაფიოა. ვხედავთ, რომ ხდება საქართველოს მიმართ პოლიტიკის უფრო მეტად გადააზრება, რომ პოლიტიკა, რომლითაც ცდილობდნენ, ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება მოეხდინათ, არ მოქმედებს. ამიტომ უნდა მიიღონ ქართველი ხალხის ნება, როგორიც არის. ეს არის სწორედ გაერო-ს წესდების მთავარი პრინციპი, კერძოდ, სხვა ქვეყნებში ჩაურევლობის და სუვერენიტეტის პატივისცემის. ზოგიერთი ქვეყანა აქეთკენ მიდის. ვხედავთ, რომ ამერიკასთან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ეს გამოიხატება იმაში, რომ არსებობს კონტაქტები, იყო ვიზიტები, ნაყოფიერი შეხვედრები.

სამომავლო ურთიერთობას ამ იმედით ვუყურებთ. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო წინა ადმინისტრაციამ საქართველოსთან მიმართებით, როცა სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა, არჩევნებში ჩარევას შეეცადა, მზად ვართ, ეს ფურცელი გადავშალოთ და წინ გავიხედოთ, რადგან ყოველთვის კეთილსინდისიერი პარტნიორი ვიყავით. ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც, შეიძლება, თავის დროზე საქართველომ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ამერიკის წინა ადმინისტრაციამ, ახალი ფურცლიდან დაოწყოს. ვისაც სურვილი აქვს, ჩვენთან იმეგობროს და სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდეს, ჩვენ მზად ვართ. სხვაზე გავლენას ვერ მოვახდენთ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ