არჩილ გორდულაძე – ღარიბაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა მძიმე კორუფციულ დანაშაულზე და საკუთარი თავის გადასარჩენად ურთიერთსაწინააღმდეგო წერილები გაავრცელა 24.08.2026 16:27

როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ხშირად სჩვევიათ ხოლმე პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

 

გორდულაძის თქმით, ღარიბაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა სხვა დანაშაულთან დაკავშირებით და საკუთარი თავის გადასარჩენად ისეთი წერილები გაავრცელა, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

 

„უმძიმესია, როცა საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ იყო ჩართული. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს მიმდინარე წლის იანვრიდან და მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულში, უკანონო შემოსავლის მიღებაში. მისთვის, როგორც ბრალდებულისთვის, ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა სხვა დანაშაულთან მიმართებით, რომელიც მძიმე კორუფციული ხასიათის დანაშაულია. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავი რომ გადაერჩინა, ისეთი წერილები გაავრცელა, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

 

ადამიანი როცა იტყუება, ერთმანეთში ირევა მის მიერ გავრცელებული სხვადასხვა მოგონილი ინფორმაცია. ბრალი აქვს წარდგენილი, მისი მცდელობა პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყო. რა პოლიტიკაში დაბრუნებაზე და რა პოლიტიკურ ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანს ბრალი აქვს აღიარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მიღებაზე? ადამიანს ასეთი დანაშაული როცა აქვს აღიარებული, წესით და რიგით, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. დანარჩენი ინსინუაციებია, რაც მან საკუთარი თავის გადასარჩენად დაიწყო, რადგან იცოდა, რომ მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის სხვა ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობდა. მისი მხრიდან არის მცდელობა, სისხლის სამართლის წარმოებაში პოლიტიკა შეიტანოს. ასეთი ქმედებები კრახისთვის არის განწირული, რადგან ასეთი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიდის ხოლმე, სადაც დასტურდება, რომ როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სასამართლოს საქმიანობა სრულად შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ქართულ კანონმდებლობასა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ