2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ მძიმედ აისახა. წინა დღეს სხვა განწყობა იყო, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა - დავით საყვარელიძე 23.08.2026 15:16

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება" 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევარ ნაბიჯში იდგა. მისი თქმით, ომის დაწყებამ საზოგადოების განწყობა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი უეცრად უმძიმეს რეალობად იქცა. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, რუსეთის არმიაც გარკვეულწილად ქაოტურად მოქმედებდა. საყვარელიძის შეფასებით, საქართველო იმ დღეებში უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა.

„ომი საკმაოდ მძიმედ აისახა... წინა დღეს სრულიად სხვა განწყობა იყო, 2008 წელს, ხალხში მაინც იყო იმის იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა მაინც შეიძლება რაღაც ფორმით ჩვენ აღვადგინოთ, ნაწილი მაინც. მეორე დილას, ზუსტად დროსაც გეტყვით, დაახლოებით იყო 10 საათი და 20 წუთი, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა და გორში, რამდენიმე რაიონში ჩამოაგდო ბომბი. დაბომბა კომბინატის დასახლება, იყო ასეთი ადგილი, იქ ჩამოაგდო და შემდეგ ესროლა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. პირველად თავში გამიელვა იმან, რომ ალბათ ეს სიზმარია ან კინოფილმში ვარ, მძაფრსიუჟეტიანში იმიტომ, რომ თვითმფრინავმა თავზე გადაგიფრინოს, ბომბი ჩამოყაროს, საოცრებათა სფეროდან თუ შეიძლებოდა რომ წარმომედგინა. მაგრამ ნუ, მერე მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა.

ახლა რომ ვხვდები, მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ამ გამოცდილებიდან ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ, მინდა გითხრათ. ეს სურათები რომ მახსენდება, იცით, იმ დაცლილი გორის, როცა მტერი შემოდის ფაქტობრივად და ქალაქი დაცლილია და დგახარ კასპთან, აქეთ პოლიციის ძალებთან ერთად...... მაშინ არტილერიის გენერალი იყო დევი ჭანკოტაძე და მეუბნებოდა, რომ: „დათო, იქნებ რამდენიმე კოშიანი ტრაქტორი გამომიგზავნო აქ და აქ". და დავრბოდით. ვცდილობდით, რომ ტრაქტორები გვეშოვა. მახსოვს ტრაქტორისტის თვალებში შიში, რომელიც უარს აცხადებდა ტრაქტორზე დაჯდომაზე და წასვლაზე, როდესაც სანგრები იყო გასათხრელი. იქ პოლიციის უფროსი იყო მაშინ გელა ანჯაფარიძე. გელამ თქვა რომ: „მე დავჯდები შენს მაგივრად, ნუ გეშინია, წავიდეთ". იცით, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მართლა ბეწვზე გავიარეთ მაშინ. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა"- განაცხადა დავით საყვარელიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ