21.08.2026 16:28

ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები, არა ოპოზიციის დასუსტება, არამედ ერთიანობით და თანმიმდევრული ნაბიჯებით ჩვენი ქვეყნის გამარჯვების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ოპოზიციის ალიანსმა" პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და დღეს ქმედითუუნაროა.

 

„რას გულისხმობს გვარამია, მას უნდა ჰკითხოთ, მე არ ვარ ადრესატი. ზოგადად, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, გილაურთან, 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით და საჭიროა, პასუხის გაცემა. საზოგადოება ხედავს იმას, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს ყველა, მაგრამ სამწუხაროდ არავინ იცის, სად არის გილაური, რატომ არ ცდილობს, პასუხების გაცემა. მგონი, ყველაფერი ნათელია ისედაც.

 

გასაგებია, რომ გაჩნდა კითხვები თუ რა ინტერესი ჰქონდა ბატონ გილაურს, საიდან მოიტანა ფინანსური რესურსი რა რაოდენობის იყო ფინანსური რესურსი, რა მიზნები ჰქონდა როგორ გაიხარჯა და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთები პასუხობენ არა კითხვებს, არამედ ცდილობენ ყურადღების გადატანას, სხვადასხვა თემის შემოტანას და უსამართლო თავდასხმებს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ,არადა ამ დროს ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოებამ, მგონია, რომ კიდევ უფრო ნათლად დაინახა თუ სად გადის მთავარი ბრძოლის ხაზი ამ ქვეყანაში. მოვუწოდებდით ზოგიერთებს, ნაცვლად იმისა რომ განახორციელონ უსამართლო თავდასხმები პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, გაასწრონ ფოკუსი. ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები. არა ოპოზიციის დასუსტება, რომელზეც გადის მთავარი ბრძოლის ხაზი, არამედ ერთიანობით და თანმიმდევრული ნაბიჯებით ჩვენი ქვეყნის გამარჯვების უზრუნველყოფა", - განაცხადა კაპანაძემ.

 

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ამომრჩეველი არ იყიდება.

 

„მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ იყიდება, არ იყიდება ის ამომრჩეველი, რომელსაც 14 წელია ებრძვიან, არ იყიდება ის ამომრჩეველი და მხარდამჭერი, რომელზეც 14 წელია, ახორციელებენ ზეწოლას, რომელსაც აკავებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, სამსახურიდან ათავისუფლებენ და ა.შ. ასეთი მასშტაბური შეტევის მიუხედავად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია იბრძვის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოიპოვოს გრძელვადიანი მშვიდობა და კეთილდღეობა.

 

საკითხი მდგომარეობს შემდეგში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააჟღერა, ის კითხვები, რომლებიც არის საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ზოგიერთი ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, შეეცადა ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანას და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ", - აღნიშნა კაპანაძემ.

 

„ოპოზიციის ალიანსში" დარჩენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, კაპანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება წინასწარ მიიღებს ინფორმაციას.

 

„შემიძლია ამაზე ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ფაქტობრივად ალიანსმა დაკარგა თავისი ფუნქცია იმ სახით, რა სახითაც ის არსებობდა. დღეს უკვე ფაქტობრივად ალიანსი არის ქმედითუუნარო, შესაბამისად, შესაძლოა გადაწყვეტილება იყოს მიღებული, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ჩვენს საზოგადოებას ეცნობება", - განაცხადა კაპანაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ