13.08.2026 14:16
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას, შესაძლოა, ელექტროენერგიაზე დამატებითი მოთხოვნა გაუჩნდეს, რაც სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ქარხნების სწრაფ განვითარებას უკავშირდება, - ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„არმენპრესის" ცნობით, ბრიფინგზე სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, „ტრამპის გზის" ფარგლებში განიხილება სომხეთის გავლით ნახიჩევანის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ენერგორესურსებით ვაჭრობის საკითხზე ორი მიმართულება უნდა განიხილებოდეს.
„ბოლო დრომდე თუ ვამბობდით, რომ სომხეთს ელექტროენერგიის ჭარბი წარმოება აქვს, ახლა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ შესაძლოა, სომხეთს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაუჩნდეს. როგორც ხედავთ, ხელოვნური ინტელექტის ქარხნები სწრაფი ტემპით ვითარდება და ისინი ელექტროენერგიას იმ მოცულობით მოიხმარენ, რომელიც ჩვენს წარმოდგენას აღემატება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენს საერთო სიტუაციაში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ინვესტორების გეგმები, მათ შორის სომხეთში ახალი ხელოვნური ინტელექტის ქარხნების აშენების მიმართულებით, გვაიძულებს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ენერგეტიკულ სტრატეგიებს, რათა შესაძლებლობები ახალ პირობებსა და მოლოდინებს შევუსაბამოთ", - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის მთავრობის სტრატეგიული მიზანი 100%-იანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
„როგორ? სომხეთში მზის ელექტროსადგურებისა და ენერგიის დაგროვების სისტემების განვითარებით. სომხეთი მზის ენერგიის რესურსებით ძალიან მდიდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის საერთაშორისო ვაჭრობის მიღმა დავრჩებით. ზოგჯერ შეგვიძლია, ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ, ზოგჯერ - იმპორტი, მათ შორის აზერბაიჯანთანაც შეიძლება გვქონდეს პარტნიორობა და თანამშრომლობა ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან - თურქეთთან, ირანთან, საქართველოსთან და სხვებთან", - განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დღეს აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ქსელი არის დაკავშირებული რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან და თურქეთთან საქართველოს გავლით. ამრიგად, სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე და იქიდან თურქეთსა და ევროპაში გამავალი ენერგეტიკული დერეფანი ასევე ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას კრიზისის შემთხვევაში. ამიტომ რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამას, მით უკეთესი". ამავე ინტერვიუში აზერბაიჯანის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყნისთვის ენერგეტიკის მთავარი წყაროა, თუმცა ის მოძველებულია და კონტროლს არ ექვემდებარება. შესაბამისად, სომხეთი, შესაძლოა, ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს".
ავტორ(ებ)ი :