04.08.2026 19:40
ჩემი ტყვეობის პირობები რადგან აქტუალური გახდა, დამატებით დეტალებს მოგაწვდით. ვიმყოფები პატარა, ბნელ, ტარაკნებიან, უჰაერო საკანში, სადაც ტუალეტის ნაცვლად ჩეჩმაა (ასეთივე პირობებშია ყველა პოლიტპატიმარი აქ), - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პირველ ოქტომბერს სრულდება ჩემი ტყვეობის ხუთი წელი, ზუსტად იმდენი, სერვანტესი რომ ჰყავდათ ტყვეობაში. ამდენი ხნით სამარტოო საკანში მოთავსება, საერთაშორისო ნორმებით, უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ციხე მდებარეობს ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსთავის ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქიდან მუდმივად თავზე გვეყრება ამ ქარხნის კანცეროგენური მტვერი, რომელიც სუნთქვას აძნელებს.
განსხვავებით პატიმრობის 99%-სა, მთელი ეს დრო აკრძალული მაქვს სატელეფონო ზარების განხორციელება (ბოლო ხანს მხოლოდ ალისასთან კვირაში რამდენიმე წუთით საუბრის ნება დამრთეს), მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით გათვალისწინებულია. უარს მეუბნებიან უკრაინის კონსულთან შეხვედრაზე, უკრაინული ბეჭდვითი და ვიდეოკონტენტის მიღებაზე. ჩემს ადვოკატებს რატომღაც ეკრძალებათ ფოტოების შემოტანა, მათ შორის ჩემი შვილებისა და შვილიშვილის ფოტოების. ასევე არაერთხელ უთხრეს უარი მრავალრიცხოვან საერთაშორისო, სამთავრობო და საპარლამენტო დელეგატებს ჩემს მონახულებაზე.
ერთი სიტყვით, მეპყრობიან როგორც სამხედრო ტყვეს, ოღონდ თავიანთი რუსი უფროსების მსგავსად არ იცავენ ჟენევის კონვენციას. ეს ყველაფერი, როგორც დასაწყისში ჩემი წამება და მოწამვლა, რა თქმა უნდა, გათვლილია ჩემს გატეხვაზე, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, ვერასდროს ეღირსებიან ივანიშვილი თავისი ტურა „ქოცებით" და მისი პატრონი მოსკოვში", - წერს სააკაშვილი.
ავტორ(ებ)ი :