მიხეილ სააკაშვილი – 24.07.2026 16:43

პოლიტპატიმრების სია საგანგებოდ იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ მასში დაფიქსირებულიყო სააკაშვილის არყოფნა და ეს კონკრეტულად ვიღაცის წინაშე აღებული ვალდებულებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არ აპირებს მის პოლიტდევნილობაზე რამის თქმას.

 

„დიდი მადლობა გია ნოდიას, კახა ლომაიას, ეკა კვესიტაძეს, ნიკა გვარამიას, ნუგზარ წიკლაურს და ათასობით სხვა ადამიანს ჩემს პოლიტპატიმრად სამარცხვინო არდასახელებაზე გამოხმაურებაზე. ოღონდ თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გაყურსულია და არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, ელოდება, როდესაც თავისით მინელდება თემა და ეს მიუხედავად საზოგადოების მრავალრიცხოვანი მიმართვებისა.

 

ამ ყველაფერმა, არ შეიძლება, არ გვაფიქრებინოს, რომ ეს სია საგანგებოდ იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ მასში დაფიქსირებულიყო სააკაშვილის არყოფნა და ეს კონკრეტულად ვიღაცის წინაშე აღებული ვალდებულებაა. ის ცალყბად გაკეთებული განმარტება, რომ საქართველოში არიან სხვა პოლიტპატიმრებიც, მხოლოდ მიმტკიცებს ამ ვერსიას. სააკაშვილი ხურდაში მოყოლილი სხვაა? თუ ამ სხვაში ღარიბაშვილი და ლილუაშვილი იგულისხმება?

 

კი, მაგრამ თავად რეჟიმმა 2024-2025 წლის აქციებზე „საბოტაჟის საქმეში“ პირველ ბრალდებულად მე დამასახელა და ეს „გამჭვირვალობას“ შემთხვევით გამორჩა. იმიტომ ხომ არა, რომ ამ სიის შემდგენელი სანდრო ბარამიძე ბოროტების განსხეულების, წულუკიანის საყვარელი მოადგილე იყო, როცა მათი დაქვემდებარებული ფარცხალაძე-რომანოვი ჩემზე კერავდა საქმეებს? იმიტომ ხომ არა, რომ ახლა დიქტატორი დასავლეთთან სავაჭროდ ემზადება და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი სიაში არყოფნა?

 

არც ის მგონია შემთხვევითი, რომ გიგაურმა და კომპანიამ „ქოცებს“ კორუფციის აღქმის გაუმჯობესებული მაჩვენებელი დაუწერეს ბოლო მოხსენებაში. თქვენ გგონიათ, რომ საქართველოში კორუფცია მცირდება? გიგაური დარწმუნებულია, რომ კი, მცირდება. და გაოგნებული ვარ იმით, რომ კიდევ არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ოპოზიციური ტელევიზიები, რომელთა მიმართ დიდი სოლიდარულობა გამაჩნია, ჯიუტად თავს არიდებენ ამ თემის გაშუქებას, ეჰეი, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“.

 

სწორი დაწერა ეკა კვესიტაძემ, ამ ტყუილებში იღებს სათავეს ყველა ჩვენი დღევანდელი უბედურება და „უსამართლობაზე ვერაფერს ავაშენებთ“. ჩემთვის „გამჭვირვალობის“ პრიმიტიული თამაში სრულიად გამჭვირვალეა და ვისაც აღქმის უნარი აქვს, წესით ყველასთვის ასე უნდა იყოს.

 

 

გააგებინეთ კარგად ეკა გიგაურს, სანდრო ბარამიძეს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ. არ დამიწყოს ახლა მავანმა, რომ უსამართლოდ ვაკრიტიკებ ამათ. ვიდრე ჩემზე გადმოხვალთ, ჯერ მათ დაუსვით კითხვა, თუ რატომ უჭირთ ამოღერღვა – „სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი“-ს“, – წერს სააკაშვილი.

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ