კახა კალაძე – სამწუხაროდ, ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია, ჩვენი ამოცანა არა კამათი, არამედ პრობლემების დროულად მოგვარებაა 21.07.2026 14:42

სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროული მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, არაფერი საგანგაშო არ არის და ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება.

„ძალიან მოკლე დროში მოსული უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი მხოლოდ თბილისში არ ქმნის პრობლემებს. მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში, მათ შორის ჩვენზე ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაა მოწყობილი და ბევრი საკითხი მოწესრიგებულია. თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა თბილისში არ არსებობს ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული, ყველგან, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვიწყებთ, პირველ რიგში, ვაახლებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ვაწყობთ სანიაღვრე სისტემებს და ა.შ.

გვახსოვს, წინა წლებში გზების რეაბილიტაცია ხშირად მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით შემოიფარგლებოდა. ჩვენ კი ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციისას, პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვაახლებთ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა, დღეს კი ამ პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს.

არაფერი საგანგაშო არ არის, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროული მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის. ჩვენ ამ მიდგომას მომავალშიც გავაგრძელებთ. ყველა იმ ქუჩასა და გამზირზე, სადაც რეაბილიტაციის სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაახლებთ. ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და ამავე პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ