სიმართლე სალომე და ოთარ ზურაბიშვილებზე - რამაზ პაპუაშვილი 20.07.2026 23:30

ამბიცია ჯანსაღი თვისებაა, თუ მისი დაუკმაყოფილებლობა მას სიძულვილად არ გარდაქმნის.



პარიზში, ჩვენი, ქართველი ემიგრანტების შვილებისაგან შემდგარი პატარა თემი, ერთგვარ ისტორიულ ლაბორატორიას წარმოადგენდა - ჩვენ ვიყავით ცოტანი, მაგრამ ვცდილობდით ჩვენი ორმაგი ეროვნული, კულტურული და ტრადიციული კუთვნილების შეთავსებას. ცხოვრებისეული სიტუაციებისა და მოვლენების შესაბამისად ქართველებიც ვიყავით და ფრანგებადაც გვიწევდა ყოფნა. ჩვენი სახელები და გვარები გამოგვარჩევდა ემიგრანტების შვილებს შორის. ჩვენ მარტო არ ვიყავით, შორს ვართ ამისგან. თავისი ისტორიის მანძილზე საფრანგეთი ყოველთვის მიესალმებოდა, დროისა და საჭიროებების შესაბამისად, ევროპიდან და სხვა ადგილებიდან სამუშაო ძალის შემოყვანას: პოლონელები ძირითადად მაღაროებში მუშაობდნენ, პორტუგალიელები მშენებლობაზე, ჩრდილოეთ აფრიკელები ყველა სფეროში საქმდებოდნენ. ის მცირერიცხოვანი ქართველები, რომლებსაც ვიცნობდი, ტაქსების მძღოლები იყვნენ, ზოგი კი აწარმოებდა იოგურტს, მაშინ მოდაში შემოსულ ახალ პროდუქტს, რომლის წარმოება არც ისე რთული იყო და რომელიც საკმარის მოგებას იძლეოდა, თუნდაც დიდი ოჯახის შესანახად.



ოჯახურ წრეში ჩვენს ეროვნულ წარმომავლობას ვეზიარებოდით, იქნებოდა ეს ოჯახურ სუფრაზე, კვირაობით ქართულ ეკლესიაში თუ უბრალოდ მშობლიური ენის მეშვეობით, რომელზეც ერთმანეთს ვესაუბრებოდით. ვცეკვავდით და ვმღეროდით - მე „ლეკური" გამომდიოდა, ზოგიერთი უფრო ნიჭიერი იყო სიმღერაში. თუმცა, მთავარი იყო თანდათან გაგვეგო, რას წარმოადგენდა საქართველო, მისი კულტურა, ჩვენი მშობლების ქვეყანა, რომელიც ჩვენი სამშობლოც იყო, მაგრამ ჩვენ ის თვალით არ გვინახავს. ​​ჩვენ გვიყვარდა ჩვენი მშობლები და ამ სიყვარულმა შეგვაყვარა საქართველო; ჩვენ ვიზიარებდით მშობლების ტანჯვას და გვჯეროდა, რომ საქართველო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, მისი ხალხი კი - გამორჩეული. ჩვენი მშობლები პოლიტიკური ლტოლვილები იყვნენ, რომლებმაც თავშესაფარი მიიღეს ამ დიდსულოვან ქვეყანაში - საფრანგეთში; ისინი არ ყოფილან ეკონომიკური მიგრანტები, რომლებსაც სამუშაოს პერსპექტივა იზიდავდა. ჩვენს მშობლებთან ერთად ჩვენც ვიყავით ისტორიის მსხვერპლი და ეს სტატუსი უფრო კეთილშობილური იყო, ვიდრე უბრალო მშიერი მუშისა.



ჩვენ ვიცოდით, რომ 1921 წელს კომუნისტურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც მალევე მოჰყვა საქართველოს ანექსია - ჩვენი სამშობლოს სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანა. საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, დიდად განსაზღვრავდა ჩვენს წარმოდგენას პოლიტიკაზე, ბოროტებასა და სიკეთეზე. თითოეული ადამიანის აღზრდიდან გამომდინარე, ამ კულტურულ ჩარჩოს შეეძლო სხვადასხვა ფორმა მიეღო. პირადად მე იმდენად მოვიხიბლე ქართული ტრადიციებით, სიმღერებით, ცეკვებით, „სუფრითა" და „თამადებით", რომ ვერ ვხედავდი სხვაობას ,,ჩვენსა'' და „იქ, საქართველოში" მყოფებს შორის. ჩემთვის ჩვენ ერთიანი ხალხი ვიყავით, რომელიც ისტორიულმა მოვლენამ ტერიტორიულად დაგვაშორა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართული სული არ უღალატებდა თავის თავს, კომუნიზმი ვერ შეცვლიდა და ვერ დააზიანებს მას.



სხვებისთვის, მაგალითად ზურაბიშვილების ოჯახისთვის, ხედვა უფრო რადიკალური იყო - მათ მიაჩნდათ, რომ ქართული საზოგადოება რუსული ოკუპაციისა და კომუნისტური წყობილების დამკვიდრების შედეგად გაიხრწნა. ამიტომ, აუცილებელი იყო იქ დარჩენილი ქართველების მიმართ სიფრთხილის გამოჩენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სტალინი, ისევე როგორც ბერია და მრავალი სხვა, ქართველი იყო. მათ, ვინც საფრანგეთში პროფესიული მიზეზების გამო ჩამოდიოდა, ეჭვის თვალით უყურებდნენ. მიაჩნდათ, რომ საჭირო იყო თავი აერიდებინათ მათთან ნებისმიერი კონტაქტისთვის, თითქოს ისინი კეთროვანები ყოფილიყვნენ. ქართული ფილმების ყურებაც კი არ იყო რეკომენდირებული.



სალომე და ოთარ ზურაბიშვილების ოჯახი და მათი ბიძაშვილები, განსხვავებულ ჯგუფს ქმნიდნენ. მისი წევრები აშკარა ინტელექტუალურ უპირატესობას ავლენდნენ ქართული თემის სხვა წევრებზე, რაც მათ ფრანგულ საზოგადოებაში გამორჩეულ ადგილს და საპატიო თანამდებობებზე წვდომას უზრუნველყოფდა. ერთად ისინი უდავო ავტორიტეტს ქმნიდნენ, რაც მათ დამსახურებული უპირატესობის განცდას და გარკვეულ პრესტიჟს აძლევდა ფრანგულ საზოგადოებაში; ქართულ საზოგადოებას და მის ტრადიციებს ისინი ქედმაღლურად უყურებდნენ.



ამგვარად, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ უპირატესობაში, ჰქონდათ პრეტენზია, რომ ისინი საფრანგეთში ქართული თემის საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ და არავის აძლევდნენ ამაში ეჭვის შეტანის უფლებას. როდესაც სსრკ-ს დაშლისა და საქართველოს სუვერენიტეტის გამოცხადების დროს პარიზში „საქართველოს სახლის" შექმნა გადავწყვიტე, მე ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანი ვიყავი, ვინც ნამყოფი იყო საქართველოში საბჭოთა ეპოქასა და კომუნიზმის დროს. სწორედ ამ ვიზიტის დროს დავინახე და გავაცნობიერე, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, ქართველები, და რა იყო საქართველო. ნათლად დავინახე, რომ ჩვენ უნიკალური ხალხი ვიყავით, ამაყი, მაგრამ თანამედროვეობის გამოწვევების მიმართ ცუდად აღჭურვილნი. მობილიზება გვჭირდებოდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, ვინ იყო კომუნისტი და ვინ როიალისტი, რესპუბლიკელი თუ არც ერთი? აუცილებელი იყო ყველა გონიერი ადამიანის მობილიზება, რადგან ყველაფრის აღდგენა და მშენებლობა გვჭირდებოდა: ეკონომიკის, საზოგადოების, მომავლის.



ერთსულოვნების მიღწევის ნაცვლად, ჩემს პირველ მტრებთან - ოთარ ზურაბიშვილთან და მის თანამოაზრეებთან მომიწია დაპირისპირება. პარიზში ისეთი წარმომადგენლობა დავაარსე, როგორიც სხვა არცერთ საბჭოთა რესპუბლიკას არ ჰქონია, თუმცა ამან ოთარ ზურაბიშვილის ამბიცია დაჩრდილა, მას ხომ უნდოდა ყოფილიყო საფრანგეთში ქართული ემიგრანტული საზოგადოების ლეგიტიმური და ბუნებრივი წარმომადგენელი არა მხოლოდ საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, არამედ გამსახურდიასა და იმდროინდელი საქართველოს მთავრობისთვისაც. ზურაბიშვილების ოჯახის არცერთი წევრი „ქართულ სახლში" არასოდეს მინახავს.



ახლა ცოტა რამ სალომე ზურაბიშვილზე. მამამისმა ლევანმა ერთხელ მითხრა, რომ სალომე ძალიან კარგად იმახსოვრებდა ტექსტებს - მას შეუძლიაო წიგნის ერთი გვერდის დამახსოვრება და წლების განმავლობაში ეს ტექსტი არ ავიწყდებაო. ეს არის სწორედ ის თვისებაა, რომელსაც დიდად აფასებენ ფრანგულ უნივერსიტეტებში. სალომე ძალიან ახალგაზრდა ასაკში გათავისუფლდა ქართული საზოგადოების ტრადიციულ კავშირებისგან. ბრწყინვალედ სწავლობდა და კარიერაც წარმატებულად დაიწყო, როგორც საჯარო მოხელემ და დიპლომატმა. ამაში მას მისი ძლიერი ხასიათი და საკუთარ ძალებში რწმენა უწყობდა ხელს, არ ეპუებოდა არავითარ დაბრკოლებას. ის კარგად იყენებდა არსებულ შესაძლებლობებს და გახდა საფრანგეთის ელჩი თბილისში, შემდეგ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. არა მგონია, რომ ის კომფორტულად გრძნობდა თავს იმ პოლიტიკურ გარემოში ან იმდროინდელ ლიდერებთან ურთიერთობისას. არ მგონია, რომ მან ბევრი რამ შეძლო, გარდა იმისა, რომ, როგორც ამბობენ, მან მოითხოვა რუსეთისგან საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის ვალდებულებების შესრულება. მაგრამ, ეს ფრანგი ქალი იმ კავკასიურ სამყაროში, რომელმაც თავისი ისტორიის განმავლობაში მრავალი განსაცდელი გამოიარა, მგლებს შორის ბატს ჰგავდა. გაოგნებული ვიყავი ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" ნდობითა და მხარდაჭერით ამ ქალის მიმართ. ვიცოდი რა სალომე ზურაბიშვილის ხასიათი, მისი პატივმოყვარება, მისი ქედმაღლურობა, მიმაჩნდა, რომ მისი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში რთული იქნებოდა და გავაფრთხილე ჩემი თბილისელი მეგობრები: „პრობლემები შეგექმნებათ". დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ქართული საზოგადოების აუტსაიდერად დარჩებოდა, რასაც ისიც უწყობდა ხელს, რომ ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ ძლიერ ემჩნეოდა წარსულის მიერ დატოვებული კვალი და ის, რომ ახალი სისტემის დამკვიდრებისათვის საზოგადოებას მნიშვნელოვანი მსხვერპლის გაწევა უხდებოდა.



მაგრამ ფსონი დაიდო. სალომე ზურაბიშვილმა თავი უდავო ლეგიტიმურობის წარმომადგენლად წარმოიდგინა, სინამდვილეში კი ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისა და მნიშვნელოვანი ფინანსური უზრუნველყოფის დამსახურება იყო. 51%-იანი მცირე უპირატესობით არჩეული, მან უგულებელყო თავისი მენტორი და ფრანგულ პრესას განუცხადა, რომ ხალხმა აირჩია. ვიცოდი, რომ პრობლემები მალე დაიწყებოდა, როგორც ვიწინასწარმეტყველე.



ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ წარსულის ღრმა კვალი ეტყობოდა. რუსული ოკუპაციის ორასი წელი, მათ შორის კომუნიზმის სამოცდაათი წელი, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ვერ წაიშლებოდა. ეკონომიკური სირთულეები, დაძაბულობა ავტონომიურ ტერიტორიებთან, ურთიერთობები კრიზისში მყოფ რუსეთთან, სააკაშვილი და მისი ავანტიურები - ყველა ეს ფაქტორი ერთად აღმშენებლობის ამოცანას ართულებდა. სალომეს საკუთარი ხედვა ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ საქართველოსა და ქართული საზოგადოების დერუსიფიკაცია იყო საჭირო ისე, როგორც ძველი პერანგის გარეცხვა. რუსეთის სიძულვილს ემატებოდა უნდობლობა და ეჭვი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაიბადა, გაიზარდა და განათლება მიიღო ამ საძულველ სსრკ-ში. მას მიაჩნდა, რომ ქართული ეკლესიაც კაგებეს მიერ იყო მასობრივად დაინფიცირებული და იქამდე მიდიოდა, რომ თავს ესხმოდა საქართველოს ეკლესიის პატრიარქს ილია II-ს და ადარებდა მას რუსეთის ეკლესიის პატრიარქ კირილეს. უკრაინაში ომის დაწყება მისთვის წარმოადგენდა რუსეთთან დარჩენილი კავშირების საბოლოო და სასტიკი გაწყვეტის შესაძლებლობას. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მისთვის გახდა გმირი, რომლის ყოლასაც ის საქართველოში ისურვებდა, იმ იმედით, რომ ის სამუდამოდ ამოშანთავდა რუსეთის გავლენას ქვეყანაზე.



მისი შეცდომა იყო ის, რომ მან ვერ გააცნობიერა, რომ „ქართული ოცნების" და მთლიანად ქართველი ხალხის პრიორიტეტი მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყო. ბოლო წლების განმავლობაში გადატანილი კონფლიქტები და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია რუსეთის მიერ, ქვეყნის სისუსტესთან ერთად განაპირობებდა იმას, რომ ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან საქართველოსათვის კატასტროფით დასრულდებოდა. ამას ვერ უშველიდა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ საქართველოს მიერ რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნა რუსეთს დაასუსტებდა. ეს იყო კატასტროფის, ქვეყნის განადგურების რეცეპტი საქართველოსთვის.



სწორედ ამ მომენტიდან სალომე ზურაბიშვილი რადიკალურად დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებას. ის საქართველოს პრეზიდენტად რჩებოდა 2024 წლის ბოლომდე და თავის თანამდებობას იყენებდა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლებისათვის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად; დაუნდობლად ძირს უთხრიდა საქართველოს მთავრობის ავტორიტეტს ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში. საფრანგეთსა და ბრიუსელში მრავალრიცხოვანი ოფიციალური და, ხშირ შემთხვევაში, კერძო ვიზიტების მეშვეობით, მან ევროპელი პოლიტიკური ფიგურებისა და ჟურნალისტებისთვის შექმნა „პრორუსული მთავრობის" და ივანიშვილის „პრორუსული ოლიგარქის" შესახებ მცდარი ნარატივი, რომელმაც ბევრი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი მოხიბლა.



პარიზში, თავის დროზე, ის ომობდა თავის ძმასთან, ოთართან, რომელსაც მან მისი ,,ბედით'' განსაზღვრული დანიშნულება „მოპარა"! ოთარ ზურაბიშვილი საკუთარ თავს სააკაშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრად წარმოიდგენდა! კონფლიქტი სასტიკი იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს რეალობამ აიძულ ისინი საპატიო შერიგებაზე დათანხმებულიყვნენ. ოთარი დასჯერდა ფრანგულ მედიასთან და პოლიტიკურ სფეროსთან დამაკავშირებელი რგოლის როლის შესრულებას, რაც ხელს შეუწყობდა რუსების მიერ თბილისში დამყარებული „მარიონეტული" მთავრობის წინააღმდეგ ძლიერი პროევროპული ნარატივის გავრცელებას! მთელი იმ თვეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აშენებდა ახალ სახელმწიფოს, ეკონომიკურ სტრატეგიას, ინფრასტრუქტურას, სკოლებსა და სტადიონებს, შენობებსა და ეკლესიებს, ევროპული მედია, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ძმის, ოთარის თაოსნობით ანადგურებდა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ თავად საქართველოს რეპუტაციას. მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ ასობით ათასი ახალგაზრდა რუსი უკრაინაში ომისგან თავის დასაღწევად თავშესაფარს საქართველოში ეძებდა, არც იმას, რომ საქართველოს გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არც იმას, რომ საქართველომ ორი ომი გადაიტანა და ტერიტორიები დაკარგა; მათი მიზანი ქვეყნისთვის ჩირქის მიცხობა იყო და სიძულვილი თავის საქმეს აკეთებდა. სიძულვილმა და ამბიციამ მათში ქვეყნისადმი უბრალო პატივისცემაც კი მოკლა.



ამ სამარცხვინო სტრატეგიის კულმინაცია 2024 წლის ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო. შედეგები სიმართლეს ასახავდა: ხმების 54%-მა პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება აირჩია, ხოლო 46% ფრაგმენტირებულ, ლიდერის გარეშე დარჩენილ და დაქსაქსულ ოპოზიციას ერგო. შემდეგ სალომემ და მისმა თანამოაზრეებმა ეს შედეგები „არალეგიტიმურად" შერაცხეს, რათა სალომე პრეზიდენტად დარჩენილიყო ზოგიერთი ევროპული მთავრობის და ბრიუსელში, ქალბატონი კალასის დახმარებით, რომელსაც იგივე სიძულვილი და ზიზღი ამოძრავებდა საქართველოს მიმართ და სალომე ზურაბიშვილის დამცველი იყო! წარმოუდგენელი რამ დაიწყო! ისინი ქართველებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც იდიოტებს, ველურებს კავკასიიდან, განუვითარებელი, ანტიდასავლური ქვეყნიდან. ეს არის სალომე ზურაბიშვილის მიღწევა. ქალის, რომელსაც ბედმა მისცა შესაძლებლობა, დიდი წვლილი შეეტანა თავისი ქვეყნის მხარდაჭერაში. მაგრამ ეს რომ შეძლო, ქვეყანა და ხალხი უნდა შეიყვარო, ისეთები, როგორებიც არიან, თავიანთი ძლიერი მხარეებითა და მიღებული ჭრილობებით.



ოცნება იდეალურ საქართველოზე, გულის ევროპით ავსება აზრს კარგავს, თუ გულში ქართველი ხალხისთვის ადგილი აღარ არის!



მე ბრალს ვდებ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ღალატისათვის; ბრალს ვდებ ოთარ ზურაბიშვილს საქართველოს დესტაბილიზაციისა და მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობისათვის.

ორივეს ბრალს ვდებ ტყუილისათვის, მას-მედიაში, ფრანგულ და ევროპულ პოლიტიკურ წრეებში ცრუ და გროტესკული ინფორმაციის გავრცელებისათვის საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით.



მე სალომე და ოთარ ზურაბიშვილებს ბრალს ვდებ ქართული დემოკრატიისა და საზოგადოების ძირის გამოთხრისა და ევროკავშირის საქართველოსთან გაუცხოებისათვის, ცრუ და დაუსაბუთებელი მტკიცებულებების გავრცელებისათვის, რასაც სჩადიოდნენ და სჩადიან ერთადერთი მიზნით: საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობისათვის.



მე სალომე და ოთარ ზურაბიშვილებს ბრალს ვდებ იმისათვის, რომ დიდი წვლილი შეიტანეს ევროკავშირის რეზოლუციის და, შემდგომში, საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციის ინსპირირებაში. ეს რეზოლუცია ტყუილებით და უსაფუძვლო ბრალდებებითაა სავსე და ქართული საზოგადოების, მისი ისტორიისა და ღრმად ფესვგადგმული კულტურის სრულ არცოდნას ამჟღავნებს.



მე ბრალს ვდებ სალომე და ოთარ ზურაბიშვილებს საფრანგეთისა და ევროპის ხელისუფლების მოტყუებაში და საფრანგეთსა და ევროპაში საქართველოს იმიჯის შელახვაში.



მე ბრალს ვდებ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთსა და ევროკავშირში საკუთარი თავის საქართველოს პრეზიდენტად წარმოჩენაში; ბრალს ვდებ სალომე და ოთარ ზურაბიშვილებს საქართველოს მიმართ სიძულვილსა და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღისათვის.



რამაზ პაპუაშვილი

ქართული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე

პარიზში „ქართული სახლის" დამფუძნებელი

„საქართველოს ხმების" მეურვე

2026 წლის ივნისი

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ