14.07.2026 21:07
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი გრძელდება - დღევანდელ სხდომაზე ისევ იკითხებიან "ნეიტრალური საქართველოს" წევრები, რომელთა საჩივრის საფუძველზეც, 2025 წელს, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა.
პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის თქმით, დღევანდელ გამოკითხვაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც დაორგანიზებული და დაფინანსებულია უცხო ქვეყნებიდან.
"დღევანდელ სხდომაზე, გამოკითხვაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული, დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები, დაფინანსების წყაროები. 2024 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა "მაკკეინის ინსტიტუტის" ე.წ. რეკომენდაციები. ვნახეთ როგორ ხდება ამ გეგმის აღსრულება სხვადასხვა ორგანიზაციის, სხვადასხვა პოლიტიკოსად წოდებული პირის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც კი. ეს იმას აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული სისტემა, სქემა, რომლის მთავარი მოტივიც არის საქართველოში სასურველი ხელისუფლების მოყვანა", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
8 პოლიტიკოსს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
ავტორ(ებ)ი :