გრიგოლ გეგელია – პაპუაშვილს ვურჩევ, გაემიჯნოს ტერორისტ ივანიშვილს, რომელიც „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით აყენებს ამ რეჟიმს, ნონსენსია, რომ ალეკოს ტერორისტს ეძახიან 11.07.2026 16:54

 

ალეკო ელისაშვილის დაკავებიდან მალევე ვნახეთ პოლიტიკური დირექტივის მიცემა მართლმსაჯულებისთვის, როდესაც შალვა პაპუაშვილის განცხადებაში, და არამხოლოდ, ღიად მითითება იყო, ბრალი უნდა გადაკვალიფიცირებულიყო, რომ უნდა ყოფილიყო შემოტანილი ტერორიზმის სრულიად აბსურდული მუხლი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალის გადაკვალიფიცირება არაადეკვატურად მოხდა, პოლიტიკური მითითებით, რაც არის მამუკა მდინარაძის პირადი ვენდეტა.

„ამ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ალეკო ელისაშვილი ყველაფერია, ტერორისტის გარდა. ის არის გულანთებული პატრიოტი, რომელიც რუსეთის ფაშისტური ფედერაციის მიერ ძებნილია. ის არის მებრძოლი და მას ვერ გატეხავენ. ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა პოლიტიკური მოტივაციის კვალდაკვალ. პროტესტის ეს ფორმა ჩვენთვის არ არის მისაღები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად არაადეკვატური მუხლით უნდა წაუყენონ ბრალი და სრულიად არაპროპორციულად, ყოველგვარი მიზნობრიობისა და სამართლიანობის გარეშე დასაჯონ ადამიანი ამ ტიპის ზომით და მუხლით, რომელიც ფიზიკურად იქ არ ყოფილა. ვინმეს თუ აინტერესებს, ტერორისტი ვინ არის, ტერორისტი არის ბიძინა ბორენკა ივანიშვილი. ძალიან მარტივად, ტერორისტების გვერდით რომ დგანან თვეში ერთხელ, „ჰეზბოლასა" და „ჰამასის" გვერდით რომ დგანან. რა სინდისით ლაპარაკობენ, რომ სხვები არიან ტერორისტები?" - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კითხვაზე, გარიცხავთ თუ არა გაერთიანებიდან ალეკო ელისაშვილის პარტიას და თუ გაემიჯნებით, გრიგოლ გეგელია პასუხობს, რომ გაუგებარია, რატომ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში".

„პაპუაშვილს ვურჩევ, გაემიჯნოს ტერორისტ ივანიშვილს, რომელიც „ჰეზბოლას" და „ჰამასის" გვერდით აყენებს ამ რეჟიმს. კაცზე, რომელიც გულანთებული პატრიოტია და რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას ებრძოდა, ამ კაცს ტერორისტს ეძახიან, ეს ნონსენსია. ალეკო არ არის ტერორისტი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „საზოგადოებამ უნდა დაინახოს, ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით" ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს".

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ