11.07.2026 15:30

 

ტერორიზმის გამართლება, დანაშაულის რომანტიზება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით საქმის გარშემო ბუნდოვანების შექმნის მცდელობა - ალეკო ელისაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები, მათი ლიდერები და რიგი აქტორები სასამართლოს გადაწვის მცდელობას 13-წლიან სასჯელთან ვერ აკავშირებენ. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ისინი ცდილობენ აქცენტის სხვა მიმართულებით გადატანას და სიტუაციის ისე წარმოჩენას, თითქოს დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

თავად ოპოზიციაში სასამართლოს მიერ გამოტანილ მძიმე განაჩენს ტერორიზმად არ მიიჩნევენ და მომხდარს პროტესტის ფორმას უწოდებენ.

"ფაქტია, რომ ალეკოს ეს ნაბიჯი იყო პროტესტი და ნამდვილად არ არის ის ტერორისტი", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე.

ელისაშვილის საქმეს პირდაპირ პოლიტიკურ დევნად აფასებენ "კოალიცია ცვლილებისთვის" რიგებში. პარტია "დროას" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას შეფასებით, ბრალდებას სამართლებრივ პროცესთან საერთო არაფერი აქვს.

"სინამდვილეში, არავითარი ტერორისტული მიზანი აქ არ არსებობს. ეს არის ტყუილი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ", - აცხადებს გიგა ლემონჯავა.

პარტიაში "საქართველოსთვის" აქცენტს ქვეყანაში ინსტიტუციების უნდობლობასა და სამართლიანი სისტემის არარსებობაზე აკეთებენ.

"ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს კანონის უზენაესობა და ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი წესრიგი", - აღნიშნავს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, სოფიო ხორგუანი.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კონკრეტული გადაცდომის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასჯელი და წაყენებული ბრალდება არაპროპორციულია და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს ემსახურება.

"არავინ არ აგებს პასუხს იმისათვის, რაც მას არ ჩაუდენია და თუ ვინმემ რამე ჩაიდინა, არ შეიძლება ამის გამო 10 სხვა დანაშაული მოიგონო, დაუმძიმო, შური იძიო და პოლიტიკურად გაუსწორო ანგარიში ადამიანს, რომელიც თვალში არ მოგდის", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება სასამართლოს შენობის გადაწვის მცდელობას, რაც პროკურატურამ ტერორიზმის მუხლით დააკვალიფიცირა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ