08.07.2026 18:25
აზერბაიჯანს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ჩვენ მრავალი ერთობლივი, ნავთობისა და გაზის პროექტი გვაქვს. ტრადიციული ენერგეტიკის სფეროში საქართველო ჩვენი ბუნებრივი სტრატეგიული და სატრანზიტო პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ორჰან ზეინალოვმა ბაქოში, „მწავნე ენერგეტიული დერეფნის" მე-12 მინისტერიალზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტით, გაგრძელდება სტრატეგიული პარტნიორობა, რაც უზრუნველყოფს, მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებიდან მივიდეს ევროპის იმ ბაზრებამდე, სადაც ამის დიდი საჭიროებაა.
„ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროპაში ფასების სტაბილიზაციას, ტრანსსასაზღვრო ურთიერთდაკავშირებადობის ტენდენციებს და დაგვეხმარება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ახალ რეგიონებთან დასაკავშირებლად, მაგალითად, აზერბაიჯანს შეეძლება ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონებზე გასვლა, ხოლო საქართველოს კი, შავი ზღვის მეშვეობით, შეეძლება მიაღწიოს ევროპულ, პრემიუმ კლასის ბაზრებს", - აღნიშნა ორჰან ზეინალოვმა. ამასთან, მისი შეფასებით, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს და აზერბაიჯანს, ასევე პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებსაც. „უაღრესად კმაყოფილნი ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან არსებული თანამშრომლობით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ ამ დინამიკას", - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.
ავტორ(ებ)ი :