ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას, მზად ვარ მასთან დისკუსიისთვის, რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე, უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ყურადღების ღირსია -ვლადიმერ პუტინი

10
spot_img

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა“,- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მზად არის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დისკუსიისთვის.

„მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ სახელმწიფოს მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა. ეს ნამდვილად ასე იქნება. პრაქტიკაში. თუ რომელიმე მათგანს, დასავლეთის ლიდერებს, სურთ კონტაქტების განახლება, ყოველთვის ვამბობდი და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მოდით, კონტაქტები განვაახლოთ და დისკუსიები გავაგრძელოთ. რას გააკეთებს ტრამპი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ რაც აქამდე საჯაროდ ითქვა, ახლა არ მინდა კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც ითქვა საარჩევნო კამპანიის დროს, მგონია, რომ ეს იყო შეგნებულად ნათქვამი ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა ის, რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე, უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ჩემი აზრით, ყურადღების ღირსია“, –  განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს მისი ქცევა შთბეჭდავი იყო.

„პირველ რიგში, შემიძლია, გითხრათ, რომ მისმა საქციელმა თავდასხმის მცდელობის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ის მამაცი ადამიანი აღმოჩნდა”,- აღნიშნა პუტინმა.