ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა უარყო

97
spot_img

ბახმუტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა საერთაშორისო მედია დააბნია. დიდი შვიდეულის სამიტზე პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს, რჩება თუ არა ქალაქი უკრაინის კონტროლ ქვეშ და შეესაბამება თუ არა სიმართლეს რუსული მხარის განცხადება ქალაქის აღების შესახებ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასე არ ფიქრობს და რომ ბახმუტი უკრაინელების გულში რჩება.

„ვფიქრობ, არა, მაგრამ იქ უკვე აღარაფერია. მათ ყველაფერი გაანადგურეს, შენობები იქ აღარ არსებობს. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია, მაგრამ ბახმუტი დღეს მხოლოდ ჩვენს გულებში არსებობს, რადგან მისგან არაფერი დარჩა – მხოლოდ მიწა და მკვდარი რუსები. ბახმუტის მცველებმა, ჩვენმა მებრძოლებმა უდიდესი სამუშაო დასწიეს და ჩვენ მადლობელნი ვართ მათი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ამ კომენტარის შემდეგ წამყვანმა მედია საშუალებებმა დაწერეს, რომ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა დაადასტურა, მისმა პრეს სპიკერმა, კი განმარტა, რომ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა უარყო და მხოლოდ ის იგულისხმა, რომ ქალაქი რუსეთის აგრესიის შედეგად მიწასთან არის გასწორებული.

მოგვიანებით, ზელენსკიმ თავადაც განმარტა, რომ ბახმუტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არ არის. პრესკონფერენციაზე მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„უკრაინის სამხედრო პერსონალი ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვან მისიას ახორციელებს. არ გაგიზიარებთ დეტალებს, მაგრამ ვიტყვი, რომ ქალაქი რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბახმუტზე კონტროლის სრულად დაკარგვას არც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ.