ვოლოდიმირ ზელენსკი სოლიდარობის გზავნილისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის

16
spot_img

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეათასე დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის გზავნილისთვის.

„მადლობა თქვენი გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ორივე ერისთვის მშვიდობიანი განვითარებული მომავლის იმედი გვაქვს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსში“.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის დაწყების მეათასე დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოაქვეყნა.

„უკრაინელო მეგობრებო, ათასი დღეა, რაც თქვენ, თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად იბრძვით და თქვენ აწარმოებთ ამ ბრძოლას ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის მცდელობისგან, დაიმორჩილოს და ანექსია მოახდინოს და აკონტროლოს სხვების, მეზობლების ტერიტორიები. ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენი ეს ბრძოლა არასდროს იქნება დავიწყებული. შესაძლოა, დამთხვევაა ან არა, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები აღუდგნენ რუსეთის მორიგ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიისკენ. ეს მცდელობა არ იქნება წარმატებული და ყველგან სადაც ადამიანები დადგებიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ისინი გაიმარჯვებენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის ათასი დღე – თქვენი სიმამაცით რუსული აგრესიისგან იცავს არა მხოლოდ თქვენს დამოუკიდებლობას, არამედ ევროპის საერთო ღირებულებებს. დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, ქართველები მტკიცედ დგანან რუსეთის მხრიდან ანექსიის ძალისხმევის წინააღმდეგ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა იზეიმებს“.