გურამ თიკანაძეს შხარა აუღია…“ – 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე (ფოტოები)

208
spot_img

გურამ თიკანაძე. ბავშვობიდან მახსოვს მისი ფოტოალბომი წიგნების თაროზე დავით კაკაბაძისა და ელენე ახვლედიანის გვერდით. ისიც კარგად მახსოვს, მამაჩემმა რომ მითხრა, ფოტოგრაფია ხელოვნებად ჩვენში მან აქციაო. შემდეგ სხვაც ბევრი რამ გავიგე. ის, რომ მთასვლელი იყო. რომ მისი დროის მისაბაძი ბიჭი იყო. რომ საუკეთესო მეგობარი იყო. და სულ ახალგაზრდა რომ დაიღუპა შხარადან დაშვებისას.

ასეთი ყოფილა გურამ თიკანაძე, კაცი, რომელმაც ფოტოგრაფია ხელოვნებად აქცია.

ერთი დანჯღრეული “ფედი” (ФЭД) ჰქონდა. ფოტოაპარატის წარმოება ენ-კა-ვე-დეს საბავშვო ბანაკებში დაიწყეს 30-იანებში, ამიტომაც ერქვა ფედი – ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკი. აი, ამ საშინელებით იღებდა არაჩვეულებრივ ფოტოებს. ჟურნალ “დროშის” კორესპონდენტად მუშაობდა და ცხადია, ისეთი ფოტოების გადაღება ევალებოდა, რაც იმ დროს ფასობდა, მაგრამ ვათვალიერებ გაგანია კომუნიზმის მშენებლობის დროს, 1969 წელს გამოცემულ ალბომს და პროპაგანდისთვის გამოსადეგი ნამუშევარი იქ ერთი-ორი თუა. დანარჩენები აი, სულ ასეთი ფოტოებია:

 

ნახტომი. თეთნულდის კალთებზე.

nakhtomitetnuldis-kaltebze

ეტიუდი. კიბე.

etiudikibe

წვიმის პარადოქსი. გურამი (გურამ რჩეულიშვილი).

cvimis-paradoqsiGuram-Rcheulishvili

წყლის პირას. ჩაიჭრა.

cklis-piraschaicra

ქალი-საუკუნე. ზღვის ბილიკი.

qali-saukunezgvis-biliki

სიცილი. ქურმუხი (წმინდა გიორგის ტაძარი).

siciliqurmuhis-cm-giorgis-tazari

გამოადგი ფეხი. ტკბილი ყოფილა.

gamoadgi-fekhitkbili-kopila

სასწორთან. ტკბილი ნესვი.

sascortantkbili-nesvi

როგორც გურამ თიკანაძის და, ია იგონებს, გენიალურ ფრანგ ფოტოგრაფს, ანრი კარტიე-ბრესონს უნახავს თიკანაძის ფოტოები და დანანებით უთქვამს, საბჭოთა კავშირში რომ არ დაბადებულიყო, მსოფლიო სახელი ექნებოდაო. თავად გურამი იცნობდა ფრანგის შემოქმედებას და, როგორც ამბობენ, მის ერთგვარ გავლენასაც განიცდიდა. “წვიმის პარადოქსი” ფრანგი ხელოვნის ნამუშევრებს ნამდვილად ჰგავს.

“ტკბილი ნესვი” ხრუშჩოვს რომ ენახა, ალბათ, აბსტრაქტულ-პიდარასტულ ხელოვნებად მონათლავდა, მაგრამ იაპონიაში ერთ-ერთ ფოტოკონკურსზე გაიმარჯვა. ვინ წარადგინა, რატომ, საიდან, არ ვიცი. ფულადი პრემია საბჭოთა ბიუჯეტმა შეიტყაპუნა, თიკანაძეს კი გამარჯვების სიგელთან ერთად იაპონიიდან ფოტოაპარატი “ქენონი” ჩამოუტანეს. ეს უკვე 50-იანების ბოლოს მოხდა (“ტკბილი ნესვი” 57-შია გადაღებული) და ბოლო ხუთი წლის ფოტოები უკვე “ქენონით” აქვს გადაღებული.

გურამ თიკანაძე 1963 წლის 27 აგვისტოს შხარაზე დაიღუპა. პალო ამოუსხლტა კლდიდან და დაშვებისას მოწყდა.