ვიზალიბერალიზაციაზე საუბრის დაწყება არ არის დაკავშირებული კონკრეტულად ამ ფაქტთან. ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის იარაღი „დიფ სთეითის“ ხელში, შეიძლება, ითქვას ბოლო ტყვია, რომ არეულობა შეიტანოს საქართველოში, ძალადობრივად მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის შანტაჟის იარაღი ევრობიუროკრატთა ხელში.
„ეს იმდენად ნათელია, ამის მტკიცება აღარც არის საჭირო, უბრალოდ პრემიერ-მინისტრმა ეს ყველაფერი შეახსენა ხალხს. ეს რომ ასე იყო, იქიდანაც დასტურდება, რომ ოთხი მცდელობა იყო სერიოზული რევოლუციის და დესტაბილიზაციისა საქართველოში, ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. ეს პირობები როდესაც დგება, არ იფიქროთ, რომ ეს არის დაკავშირებული რაღაცა პირობებთან, რომლის შემდეგაც საქართველოს ვიზალიბერალიზაცია იქნება ან არ ექნება. უბრალოდ, ეს არის მათთვის იარაღი. ეს არის შანტაჟის იარაღი“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება უნდათ, რადგან ისინი იცავენ ქართულ სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებების მიღება ხდება თბილისში და ისინი არანაირ შანტაჟს არ ექვემდებარებიან.
„ხელისუფლების ცვლილება უნდათ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართულ სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებებს იღებს თბილისში, არ ექვემდებარება არანაირ შანტაჟს და, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ყოვლად მიუღებელი ამ წრეებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში უნდა იყოს ხელისუფლება, თვითონ მათი ტერმინია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიმდევრებისა, რომ „ცალ ფეხზე იდგეს“ და რასაც ეტყვიან, ყოველგვარი კრიტიკის და დაფიქრების გარეშე, ცხოვრებაში გაატარონ. ეს არის იგივე შანტაჟი, მათ იციან, რომ ამას ჩვენთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ქართველი ხალხი თვლის, რომ საქართველოს მომავალს დიდი საფრთხე მიადგება, შეიძლება დამღუპველი ზემოქმედება მოახდინოს, თუ ამ კანონმდებლობას გვერდზე გადავდებთ და არ მივაქცევთ ყურადღებას, რა ხდება ჩვენთან, საქართველოში. ევროკავშირის ელჩი, რომელიც აქ არის პირდაპირ მოუწოდებს ქართველ ხალხს, ჩვენ მოგვისმინეთ და ის გააკეთეთ, თორემ საფრთხე გელოდებათო, მეტი ჩარევა რა გინდათ?!“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.