ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში კვლავ წარმატებით იასპარეზა

11
spot_img

პოლონეთის ქალაქ იოვორზნოში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის – IFA ს ეგიდით, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მსოფლიოს 22 ქვეყნიდან. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც, 8 ათლეტის შემადგენლობით,რომელთა შორის, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძეც გახლდათ. იგი, პოლონეთში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და კომპანია ”RMG / არემჯი გოლდის” მხარდაჭერით გაემგზავრა.

ზვიად ხაჩიძე, ვეტერან სპორტსმენთა შორის, მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მარცხენა ხელით ორთაბრძოლაში, ვეტერანი,მიღებული ტრავმის გამო, მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა,ხოლო მარჯვენა ხელით, ფინალში, პოლონელ მეტოქესთან იასპარეზა და მეორე ადგილს დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა, ჯამში, 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძემ,თავისი წარმატებული გამოსვლით, ჩვენი ქვეყანა, არა ერთგზის ასახელა. მან, გასულ წელს, კუალა-ლუმპურში (მალაიზია) ვეტერან სპორტსმენთა შორის, წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა; 2022 წელს, კი, პოლონეთის ქალაქ რუმიაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან, სამშობლოში, ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლით დაბრუნდა.

ზვიად ხაჩიძე მიღწეულს არ სჯერდება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წელს, საბერძნეთში გაიმართება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გულითადად ულოცავს ზვიად ხაჩიძეს მორიგ წარმატებას და ვეტერან სპორტსმენს მომავალშიც გამარჯვებებს უსურვებს.